ფინანსები
04/07/2022

"მიკრობანკების გაჩენა საბანკო სექტორში კონკურენციას გაზრდის" - მთავრობამ კანონპროექტი განიხილა

საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტები გაჩნდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროში ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდა. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, მიკრობანკები საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი. მათ ექნებათ განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკონომიკის განვითარებისთვის. 

"რამდენიმე დეტალია მნიშვნელოვანი - ეს არის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, მაგალითისთვის თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მლნ ლარი, მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში 1 მლნ ლარი, მიკრო ბანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მლნ ლარი",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მისი თქმით, დაფინანსების ძირითადი სეგმენტი იქნება მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. 

"არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მიკრობანკის სტატუსი და უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები, და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები", - აცხადებს ფინანსთა  მინისტრი. 

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიკრობანკების რეგისტრაციის შემდეგ ამ სექტორში კონკურენცია გაიზრდება. ამას გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც. 

"ერთი მხრივ მათ გაუჩნდებათ შედარებით იაფიანი რესურსი, ხოლო, მეორეს მხრივ, კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს ამ მიმართულებით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. 

"კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული სტატუსის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართონ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

Businesspartner