მიხეილ ხიდურელი: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ხელსაყრელია მეწარმეებისთვისაც და ბანკებისთვისაც
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ახალი პირობების შესათანხმებლად ბანკებთან მრავალრაუნდიანი შეხვედრები გაიმართა. მიხეილ ხიდურელი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ პანდემიის ფონზე პროგრამით სარგებლობა არა მარტო მეწარმეებისთვის, არამედ ბანკებისთვისაც მეტად ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ, მექანიზმის აქტიურად მუშაობის იმედი აქვს.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით ბანკებთან მრავალრაუნდიანი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში სწორედ ბანკია ჩვენი პარტნიორი, ვისთან ერთადაც ამ პროგრამას ვახორციელებთ. არსებული დიზაინის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ვფიქრობთ, რომ პროგრამა უკვე მიმდინარე თვიდან აქტიურად დაიწყება. საფინანსო ინსტიტუტებისთვის არსებული პირობები მისაღებია. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ახალი დიზაინი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებულია.
დღეს საკრედიტო-საგარანიო მექანიზმის არსებობის საჭიროება ბევრად მეტია, მათ შორის თავად ბანკებისთვისაც. შესაბამისად, ახლა ისინი ბევრად მოტივირებული არიან რომ გამოიყენონ პროგრამა. ის, უზრუნველყოფა, რომელიც ბიზნესებს არსებულ სესხში უდევთ, კრიზისიდან გამომდინარე დევალვაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შეხიდება. განსხვავებული დრო დადგა და ახალი სურათი მივიღეთ. ბანკებიც ახლიდან უყურებენ ამ ყველაფერს. სწორედ ამ მრავალრაუნდიანი შეხვედრების შემეგ შევჯერდით პროგრამაზე, რომელიც ძალიან მალე აქტიურად ამუშავდება“,- განმარტა ხიდურელმა.