მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა დაზღვევას გააძვირებს – "არდი დაზღვევა“
ეროვნული ვალუტის გაუფასურება სადაზღვევო სექტორზეც ისახება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა, ლარის გაუფასურება ნებისმიერი ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა - თუ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო იწყება ფასების ზრდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ართულებს ბიზნეს-გარემოს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სამედიცინო დაზღვევა პირდაპირაა დაკავშირებული ჯანდაცვის ბაზარზე არსებულ ფასებზე, უკვე გაძვირდა მედიკამენტები. შესაბამისად, თუ გაიზრდება ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე, სადაზღვევო პროდუქტიც გაძვირდება.
კითხვაზე, პანდემიის პირობებში რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ ახალი პროდუქტების გამოტანა ხომ არ გამოიწვევს ბაზარზე არსებული სადაზღვევო პროდუქტების სტრუქტურულ ცვლილებებს, მიხეილ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო ბაზარზე სიახლეები ალბათ მომავალშიც იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღნიშნული პერიოდი კომპანიებმა და ეკონომიკამ მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით გაიარონ.
რაც შეეხება იმას, თუ საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადებას როგორ აფასებს „არდი დაზღვევა“ და ეს ფაქტი რის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, ჯაფარიძე განმარტავს, რომ საზედამხედველო კაპიტალის გადავადებას „არდი დაზღვევა“ დადებითად აფასებს, რადგან ისედაც რთულ სიტუაციაში არსებული რეგულაციის კიდევ უფრო მეტად გართულება არ იყო საჭირო.
„ეს მაშინ, როდესაც ძირითადი სავალდებულო დაზღვევის სახეობები ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში და როგორც წესი კაპიტალის ზრდა სწორედ ასეთი სავალდებულო სახეობების შემოღებისას ხდება,“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.
როგორც ცნობილია, სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი ამ დროისთვის 4,2 მლნ ლარია, ზრდა წლის ბოლომდე 7,2 მლნ ლარამდე იყო დაგეგმილი.