ფინანსები
13/06/2022

მაღალმთიანი რეგიონების 15 სკოლის რეაბილიტაციისთვის €6.5 მლნ გამოიყო

საქართველოს სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციასთან 2 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც მაღალმთიანი რეგიონების სკოლების რეაბილიტაციისთვის ჯამში 6.5 მლნ ევრო გამოყო. დოკუმენტებს რატიფიცირებისთვის პარლამენტი განიხილავს. 

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ამ ხელშეკრულებებიდან ერთი არის სესხი, მეორე გრანტი. სესხის სახით ქვეყანა იღებს 3.9 მლნ ევროს, გრანტის სახით კი გამოიყოფა 2.6 მლნ ევრო. 

ეს თანხა მოხმარდება მაღალმთიანი რეგიონების 15 სკოლის რეაბილიტაციას. იგულისხმება, როგორც რეაბილიტაცია კონსტრუქციული კუთხით, ასევე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. 

სკოლები განათლების სამინისტრომ შეარჩია თიანეთში, გორში, წალკაში, ასპინძაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ბორჯომში. 

პროექტის განმახორციელებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი. 

პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი. 

Businesspartner