
მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის გარდა, საქართველოში სავალდებულო დაზღვევის კიდევ ერთი სახეობის შემოღება იგეგმება.
საუბარია, მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამას „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მიზანიც ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებაა.
პროექტის თანახმად, სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით. ეს ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
ავტორების თქმით, კანონპროექტი აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს,ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მათივე შეფასებით, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელიც 1997 წელს არის მიღებული, ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს.
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია ეტაპობრივად, 2024 წლის პირველი ივნისიდან. სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ამოქმედება პირველივე ეტაპზე იგეგმება.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.