ფინანსები
16/03/2020

ლიბერთი 3-თვიან საშეღავათო პერიოდზე განცხადებას ავრცელებს

ლიბერთი ბანკი 3-თვიან საშეღავათო პერიოდზე განცხადებას ავრცელებს.

ბანკი განმარტავს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიბერთი თავის მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს 13 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები საშეღავათო პერიოდის შესახებ:

1. ვისზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით.

იურიდიულმა პირებმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ მომსახურე საკრედიტო ექსპერტს/კორპორატიულ ბანკირს.

2. რა ტიპის სესხებს ეხება საშეღავათო პერიოდი?

სამომხმარებლო სესხი
იპოთეკური სესხი
ოვერდრაფტი
საკრედიტო ბარათები
განვადება
სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)
ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები
ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი
ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

3. რა ტიპის სესხებზე არ ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროექტებზე – „შეღავათიანი აგრო კრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“

4. როგორ შევძლებ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?

ფიზიკური პირები:

ყველა ფიზიკურ პირს ავტომატურად გაუაქტიურდა საშეღავათო პერიოდი. თუ არ გსურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, მოგვმართეთ ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით, ან დაგვიკავშირდით 20 მარტამდე.

საშეღავათო პერიოდზე უარის დაფიქსირება შეგიძლიათ შემდეგი არხებით:

დისტანციური მომსახურების ცენტრი ( 032 2 55 55 00) (16 მარტიდან)
ინტერნეტ ბანკი http://my.libertybank.ge/ (17 მარტიდან)
ბანკომატები (17 მარტიდან)
იურიდიული პირები:

იურიდიულ პირებს საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ მომსახურე საკრედიტო ექსპერტს/კორპორატიულ ბანკირს. იურიდიული პირების საშეღავათო პერიოდის ყველა პირობა ინდივიდუალურად განიხილება და შეთანხმდება.

5. ხომ არ იმოქმედებს გადავადება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ნეგატიურად არ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.

6. ერიცხება, თუ არა სესხს პროცენტი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში?

სესხის პროცენტის დარიცხვა გრძელდება მხოლოდ ძირითად თანხაზე, თუმცა ამ თანხას გადაიხდით პროლონგირებული გრაფიკის მიხედვით და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ გაიზრდება.

7. საშეღავათო პერიოდის შემდეგ, იზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

არა, საშეღავათო პერიოდში დასარიცხი პროცენტი ისე გადანაწილდება სესხის პროლონგირებულ გრაფიკზე, რომ არ გაიზარდოს ყოველთვიური შესატანი თანხა.

8. როგორ ვისარგებლებ საშეღავათო პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ უკვე მაქვს გადახდის არასტანდარტული, შეღავათიანი გრაფიკი?

არასტანდარტული გრაფიკით სარგებლობის შემთხვევაში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მაინც გაგიაქტიურდებათ. ხოლო, 30 ივნისის შემდეგ, თქვენი გრაფიკის მიხედვით გააგრძელებთ გადახდას ისე, რომ ყოველთვიური შესატანი თანხის მოცულობა არ გაიზრდება.

9. თუ სესხზე მიფიქსირდება ვადაგადაცილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის გააქტიურებამდე, დამერიცხება, თუ არა ჯარიმა?

არა, 13 მარტის შემდეგ დარიცხულ ჯარიმას ლიბერთი ბანკი პატიობს მომხმარებელს.

10. თუ ვსარგებლობ რამდენიმე სესხით ერთდროულად, ყველა მათგანს ეხება საშეღავათო პერიოდი?

დიახ, საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ერთდროულად ყველა სესხზე (თუ საშეღავათო პერიოდზე უარს დააფიქსირებთ, უარი ანალოგიური პრინციპით გავრცელდება თქვენს ყველა სესხზე).

11. რა პრინციპით მოქმედებს საშეღავათო პერიოდი ოვერდრაფტზე?

ოვერდრაფტებზე 13 მარტამდე დარიცხული პროცენტის გადახდის ვადა ავტომატურად გადაიწევს 5 ივნისამდე. 13 მარტის შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი 9 ივნისის თარიღით დაანგარიშდება. ამ თარიღიდან 27 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია ოვერდრაფტის პირობებით გათვალისწინებული მინიმალური შენატანი გადაიხადოს.

12. რა პრინციპით მოქმედებს საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათებზე?

საკრედიტო ბარათებზე ვწყვეტთ ჯარიმის დარიცხვას, ხოლო მინიმალური შენატანის და უპროცენტოდ სარგებლობის პირობა რჩება უცვლელი. გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ლიმიტის ათვისების შესაძლებლობა მომხმარებელს არ შეუწყდება.

13. ხომ არ გაიზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში, ან მის შემდეგ?

არა, საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება.

14. დამერიცხება წინსწრების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ საშეღავათო პერიოდში გადავიხდი სესხის ძირს?

მომხმარებელს უფლება აქვს შეამციროს სესხის ძირი თვეში ერთხელ, არაუმეტეს სესხზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობისა. ამ შემთხვევაში მას არ დაერიცხება წინსწრების საკომისიო.

15. გადავადებულ პერიოდში დარიცხულ პროცენტს ერიცხება პროცენტი?

არა, პროცენტზე პროცენტი არ დაგერიცხებათ.

16. თუ ვისარგებლე საშეღავათო პერიოდით და მოგვიანებით გადავიფიქრე, შესაძლებელია, თუ არა საშეღავათო პერიოდის ვადაზე ადრე შეწყვეტა?

ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მოგვმართოს 032 255 55 00, რომ მის სესხზე შედგეს გადახდის ახალი გრაფიკი.