ფინანსები
12/04/2021

ლევან იოსელიანი: პენსია სხვა ბანკებშიც უნდა გაიცეს

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატის ლევან იოსელიანის ინიციატივაა, რომ პენსია “ლიბერთის“ გარდა, სხვა ბანკებშიც გაიცეს. ეს ხელს შეუწობს საპროცენტო განაკვეთზე კონკურენციას.

“სხვა ბანკების ჩართულობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ პენსიონერებისთვის შეთავაზებული პროცენტი განსხვავებული იყოს. ეჭვი მეპარება, თბილისში მარტო ერთ ბანკში მივიდნენ სესხის ასაღებად, თუ ამაში სხვა ბანკებიც მიიღებენ მონაწილეობას. იქნება კონკურენცია, სადაც შეთავაზებით მოიგებს მომხმარებელი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენსიონერების სესხებზე საპროცენტო განაკვეთზე მსჯელობენ.

ლევან იოსელიანის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენტაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული პროცესში სხვა ბანკებიც შევიდნენ, თუმცა ამას დამატებითი ინფრასტრუქტურა დასჭირდება. შედარებით პრობლემური იქნება რეგიონებში, სადაც ბანკებს ფილიალების გახსნა მოუწევთ.

ლევან იოსელიანმა კი, კობა გვენეტაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პენსიონერები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ბანკია მათთვის უფრო ხელმისაწვდომი.

“საბოლოო ჯამში იქით წავა ყველაფერი, ვიღაც “ლიბერთი ბანკში“ მივა, ვიღაც “თიბისი ბანკში“ ან “საქართველოს ბანკში“. ჩვენ ხომ ვიღებთ გადაწყვეტილებას, სად გავხსნათ ანგარიში, რომელ ბანკში, პენსიონერი რატომ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ბანკში აიღოს პენსია?“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.