ფინანსები
04/10/2021

ლაშა ხუციშვილი: EU-ს ტრანში ერთადერთი არ არის, სხვა სესხებთანაც შევცვალეთ პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მხოლოდ 75 მილიონიან ევროკავშირის ტრანშზე არ უთქვამს უარი, სხვა სესხებთან მიმართებაშიც შეიცვალა პოლიტიკა, რაც დაკავშირებული იყო ვალის მოცულობის შემცირებასთან. 

"მთავრობის ვალის ზომა იზომება ეკონომიკასთან მიმართებაში ვალის მოცულობით. გასულ წელს ეს იყო 60%-იან ნიშნულზე, რაც იყო კრიტიკული ზღვარი საქართველოს ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ ვალის დონის შემცირება დაგვეწყო. 7 პროცენტული პუნქტით შემცირება კი, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირებაა და შეტყობინებაა ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ერთგულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოლიტიკის, ქვეყანა დაძლევს იმ პრობლემას, რომელიც ვალთან მიმართებაში გაუჩნდა პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. 

ვალის მოცულობის შემცირება განხორციელდა იმის ხარჯზე, რომ საქართველომ თქვა უარი ძალიან ბევრ საგარეო ვალდებულებებზე, რომელიც შეთანხმებული იყო, ან იყო მოლაპარაკების პროცესში და ეს არ იყო მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის სხვა მიმართულებებიც, მათ შორის კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, როდესაც საქართველომ შეცვალა პოლიტიკა, ან საერთოდ უარი თქვა კონკრეტულ პროექტებზე ვალის აღებაზე, ან შევიდა ბიუჯეტი ამ პროექტების თანადაფინანსებაში, რამაც საშუალება მოგვცა, ვალის მოცულობა შეგვემცირებინა 60%-დან 52.7%-მდე. 

პროექტებთან მიმართებაში ხდება ასეთი პოლიტიკის განსაზღვრა: პროექტი დროში გადაიწევს, ან პროექტის დაფინანსება შეჩრდება, ახალი პროექტი აღარ დაიწყება, ან ბიუჯეტი შევა თანადაფინანსებაში, რაც შეამცირებს ვალის აღების მოცულობას. ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა წლევანდელ წელს იყო, აგრეთვე მომავალი წლის ბიუჯეტშიც, რომ პროექტების თანადაფინანსებაში შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და შესაბამისად, პროექტები, რომლებიც არ განხორციელდება სესხით, განხორციელდება ბიუჯეტის თანხით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.