“ლარის მცურავი კურსი ეკონომიკას შოკების შთანთქმაში ეხმარება“ - Galt&Taggart
“საქართველოს აქვს მცურავი სავალუტო რეჟიმი, ანუ ისეთი, როგორიც ჩვენნაირი პატარა და ღია ეკონომიკისთვის ყველაზე მისაღებია“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ფიქსირებული ვალუტები ძირითადად, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს აქვთ, თუმცა, ნავთობის ფასის კლების დროს მათ ცენტრალურ ბანკებს უწევთ დიდი მოცულობის რეზერვების ხარჯვა და თუ შოკი დიდხანს გრძელდება იძულებული ხდებიან ვალუტა გააუფასურონ (რაც აზერბაიჯანში 2015 წელს მოხდა, როცა ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა მცურავ კურსზე გადასულიყო და ერთ დღეში, კერძოდ 21 დეკემბერს, მანათი დოლართან 32.3%-ით გააუფასურდა).
აღსანიშნავია, რომ საგარეო შოკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანას უნარჩუნებს სავაჭრო კონკურენტუნარიონობას - რომ ექსპორტი უფრო არ გაძვირდეს და იმპორტი არ გაიაფდეს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია იმისთვის, რომ დიდი საგარეო შოკის პირობებში ეკონომიკაში საგარეო დისბალანსის ავტომატური კორექტირება მოხდეს, და ვალუტას ამ შემთხვევაში შოკის შთანთქმის ფუნქცია აქვს.
„კურსი რომ რომელიმე ვალუტას მივაბათ, საამისო რეზერვები არ გაგვაჩნია. ასევე, მყარი ვალუტის ცნება საკამათოა. მაგალითად, 2014 წლის აგვისტოდან როცა მსოფლიოში ბევრი წამყვანი ვალუტა გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ევროც არ იყო გამონაკლისი და 5 თვეში 7.9%-ით გაუფასურდა და შემდგომ 5 წლის განმავლობაში გაუფასურება გაგრძელდა. ჩვენ გვაქვს ოპტიმალური სავალუტო რეჟიმი, მცურავი კურსი, რომელიც ეკონომიკას ეხმარება შოკების შთანთქმაში,“ - აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.
როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა თამაზ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ლარი არ მიება რომელიმე მყარ ვალუტას ან ლართან ერთად პარალელურ მიმოქცევაში არ დაიშვა ევრო და დოლარი, ლარის კატასტროფული გაუფასურება გაგრძელდება და ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მივა.