"ლარის გაუფასურებაზე გავლენა საკოორდინაციო საბჭოს დაანონსებულმა შეზღუდვებმაც იქონია"
ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა საკოორდინაციო საბჭოს დაანონსებულმა შეზღუდვებმა მოახდინა, - ასე ეხმაურება ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „ბიზნესპარტნიორთან“ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის საკმაოდ მკვეთრ გაუფასურებას.
„არსებულ შენელებულ ეკონომიკურ აქტივობას დაემატა კიდევ სხვადასხვა მუხრუჭიც, ამან კი უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა ლარზე. ეს საბჭო ქვეყნის ერთგვარ ტრაგედიად იქცა. ვერ ვხედავ ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან რა შედეგებს აღწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ლართან მიმართებაში მისი განცხადებები ტრაგიკულად მოქმედებს. როდესაც გარკვეულ შეზღუდვას აანონსებ, აუცილებელია ეს იყოს ზუსტად აქცენტირებული და მორგებული კონკრეტულ დროსა და სიტუაციაზე. ასე ზოგადად კონკრეტული გადაწყეტილებების და შეზღუდვების დაანონსება და მიღება ძალიან ნეგატიური სიგნალია ეკონომიკისთვის,“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი.