ლარის გაუფასურება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზეც ნეგატიურად იმოქმედებს
ლარის გაუფასურება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზეც ნეგატიურად იმოქმედებს. როგორც “თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ეროვნული ვალუტა ბოლო ორი დღეა მცირედით, მაგრამ მაინც მყარდება. თუმცა, მისივე მტკიცებით, წინ არის არჩევნები და წლის ბოლომდე დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე დასახარჯი ფინანსური რესურსები, რაც გაუფასურების რისკს ზრდის.
„გამომდინარე აქედან, ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ გაიზრდება ჩვენი საგარეო ვალებულებები და მომავალ წელს უფრო მეტი გვექნება გადასახდელი. გარდა ამისა, ბუნებრივია გაგვიძვირდება ის სერვისი და მომსახურება, რომელსაც უცხოეთიდან ვიღებდით,“ - აცხადებს ანა გოგოლაძე.
როგორც ცნობილია, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კანონმდებლობის წესის დაცვით პარლამენტში დღეს უნდა წარადგინოს მთავრობამ. რაც შეეხება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, დაკორექტირებულ ვარიანტში ლარი დოლართან მიმართებით შემდეგი კურსითაა ჩადებული: $1=2.98 ლარს.
რაც შეეხება ლარის ოფიციალურ კურსს, 30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2059 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 8.19 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7560 ლარია. ევროს ცვლილებამ 8.55 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4126 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1212 ლარი ეღირება.