ფინანსები
01/04/2021

ლადო პაპავა: ლარიზაციის გეგმა აუცილებლად უნდა შეჩერდეს

პროფესორი ლადო პაპავა „ბიზნესპარტნიორთან“  ლარის გაუფასურების პირობებში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში სრულიად შესაცვლელია რეფინანსირების სისტემა, რადგან რეფინანსირების სესხები ლარის გაუფასურებას იწვევს.

„რეფინანსირების სესხების  ასეთი მაღალი ოდენობა განპირობებულია  იმით, რომ გაზრდილია ლარზე მოთხოვნა. ბანკები თავისი ვალდებულებების მომსახურებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ეროვნული ბანკიდან იღებენ რეფინანსირების სესხებს. აუცილებელია, დროებით მაინც, სანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, შეჩერებული იქნეს ლარიზაციის გეგმა, ეს პრინციპულია,“ - აცხადებს ლადო პაპავა.

მისივე ინფორმაციით, ლარიზაციის გეგმა, თუნდაც კრიზისის პირობებში ძალიან ცუდად აისახება ლარის გაცვლით კურსზე.

„მნიშვნელოვანია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში გაიცემოდეს. მაშინ მიმოქცევაში მეტი დოლარი იქნება. როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზდის, ერთს მხრივ ბანკებს კი აძლევს ლარს, მეორე მხრივ ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას, რადგან საპროცენტო განკვეთი მატულობს, ანუ სესხი ძვირდება,“ - აცხადებს პაპავა.

როგორც ცნობილია, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. ოფიციალური კურსი 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი 3.4464  ლარი გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა  2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ.

მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.