კრისტალი დაკრედიტების გაციფრულების გლობალურ საპილოტე პროექტში ერთვება
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ დაკრედიტების გაციფრულების გლობალურ საპილოტე პროექტში ჩაერთვება. ინიციატივა CGAP-ის მიერ, მთელ მსოფლიოში ხორციელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული მასშტაბისა და განვითარების შვიდი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებლებმა „კრისტალი“ 100 კანდიდატ ორგანიზაციას შორის შეარჩიეს.
CGAP-ის ინიციატივა დაკრედიტების დიგიტალიზაციის კუთხით წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ისახავს მიზნად. იგი ორ მიმართულებას აერთიანებს. ერთი მათგანი სესხების განმეორებით გაცემის გადაწყვეტილების პროცესის ავტომატიზაციასა და გამარტივებას გულისხმობს, ხოლო მეორე — მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს ინტელიჯენსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას.
საბოლოოდ, პროცესის ავტომატიზაცია და მონაცემთა გაუმჯობესებული ანალიზი „კრისტალში“ ხელს შეუწყობს ფინანსური ჩართულობის ხარისხის ამაღლებას, მომხმარებელზე ორიენტირებული ეფექტიანი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, ხარჯების შემცირებას, მასშტაბებისა და მდგრადობის გაზრდას, გარემოს ცვალებადობაზე სწრაფ რეაგირებას.
„საფინანსო საქმიანობის განვითარების პროცესში დიგიტალიზაციას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ „კრისტალისთვის“ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და ამ კუთხით განვითარებისკენ ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სარგებლის მომტანი იქნება და ასევე, მოხარულები ვართ, რომ CGAP-მა მსოფლიოს მასშტაბით 100 ორგანიზაციას შორის შვიდეულში სწორედ ჩვენ შეგვარჩია“, - აცხადებენ „კრისტალში“.
“ჩვენი მიდგომაა, აქცენტი იმ მიმართულებებზე გავაკეთოთ, სადაც დიგიტალიზაციას ყველაზე მნიშვნელოვანი და მყისიერი შედეგის მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ორგანიზაციისთვის. ჩვენი მიზანია, გავზომოთ მიღწეული შედეგი. შერჩეულ პარტნიორებთან ერთად, მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესებასა და დაკრედიტების ავტომატიზაციაზე ვიმუშავებთ, ვცდით იმ ახალ მიდგომებს, რომლებსაც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ“, - აცხადებს CGAP ფინანსური სექტორის უფროსი სპეციალისტი ივო ჯენიკი, რომელიც ინიციატივას ხელმძღვანელობს.
პროექტის ფარგლებში, შერჩეული პარტნიორების მხარდასაჭერად, CGAP კომპანია ითანამშრომლებს Rubyx-თან, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაკრედიტების ავტომატიზაციისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. პროგრამის დახმარებით, მათ დიგიტალიზაციის პროცესის მინიმალური ინვესტიციებით, მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება შეეძლებათ. ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად, CGAP პროექტში ჩართული ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ფორუმის შექმნასაც გეგმავს.