ფინანსები
20/07/2022

კრედიტორს სესხის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა შეეზღუდება

ახალი რეგულაცია ბანკებისთვის - ეროვნულმა ბანკმა 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გარკვეული პირობით.

ახალი ცვლილებებით, მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც ბანკებში სავალუტო დეპოზიტი აქვთ, ამ დეპოზიტის შესაბამისი თანხის დოლარის და ევროს კრედიტების აღების უფლება ეძლევათ. მაგალითად, თუკი მოქალაქეს 20 000 დოლარის დეპოზიტი აქვს, ის 20 000 დოლარის სავალუტო კრედიტის აღებას შეძლებს. მარეგულირებელი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეზღუდვით სავალუტო დაკრედიტების გავრცელებულლი პრაქტიკა მოისპობა. ამავდროულად ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ცვლილებები ბაზრის მცირე სეგმენტს ეხება და ამიტომ არ ელიან მის მატერიალურ გავლენას დაკრედიტებაზე.

"აღნიშნული ცვლილებით მოწესრიგდა დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხების მიმართ მიდგომები, რათა ერთი მხრივ აღმოგვეფხვრა კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შესაძლო გზები და ამასთანავე, აგვერიდებინა მსესხებლებისთვის სავალუტო რისკები და ზედმეტი ხარჯები.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნას გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები. შედეგად, შეიზღუდება შესაძლებლობა, რომ კრედიტორმა ხელოვნურად გაზარდოს სესხიც მოცულობა, რათა თავი აარიდოს 200 ათასიან ზღვარს, ხოლო ნაზარდი თანხა გაყინოს მსესხებლის ანგარიშზე სესხის უზრუნველყოფად.

დამატებით, იმისთვის რომ უცხოური ვალუტის მეანაბრეებს არ მოუწიოთ თანხის მოკლევადიანი საჭიროებისას ვადიანი დეპოზიტების დარღვევა ან სესხის ლარში აღება და შესაბამისად სავალუტო რისკის აღება, ბანკებს მიეცათ უფლებამოსილება 200 000 ლარამდე სესხები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ ის უზრუნველყოფილია ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

ეს ცვლილებები ბაზრის მცირე სეგმენტს ეხება და ამიტომ მის მატერიალურ გავლენას დაკრედიტებაზე არ ველოდებით", - განმარტავენ ეროოვნულ ბანკში.

Businesspartner