ფინანსები
10/02/2021

კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტები გამკაცრდა

კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტები გამკაცრდა, რაც სავარაუდოდ,  სექტორს  უმაღლესი მმართველი რგოლის შენახვის ხარჯებს გაუზრდის.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესებით, სისტემურ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოსთან სხვადახვა სახის კომიტეტების შექმნა ევალებათ, გარკვეული პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეის პოსტის დაკავება კი, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ  წევრები შეეძლებათ.

ცვლილებების მიზანია კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უკეთ უზრუნველყოფა.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თეონა კონტრიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ  დაგეგმილი ცვლილებები განსაზღვრული იყო ეროვნული ბანკის 2020-2022 წლის საზედამხედველო სტრატეგიაშიც. ძირითადი ცვლილებები შეეხება კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობების გაძლიერებას.

„ამ სიახლეს გაუმჯობესების სახით ვუყურებთ,რადგანაც ჯანსაღი კორპორაციული მართვის აუცილებელი ელემენტია ქმედითი და ფუნქციონირებადი სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც სწორად უნდა იყოს როლები და პასუხისმგებლობები  გადანაწილებული.  ახლა რაც მოხდა, დაზუსტდა და  დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება. ამასთან,  სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებს მოეთხოვებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე ნომინაციის კომიტეტის შექმნა და გაუმჯობესდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“, - განმარტავს თეონა კონტრიძე.

ბანკებს მოეთხოვებათ გენდერული თანასწორობის დაცვის გაძლიერებაც.  კოდექსით, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან უნდა შედგებოდეს.

ახალი მოთხოვნაა დირექტორატის ანაზღაურების  საკითხებშიც, რაც ნაწილობრივ,  2018 წელს ამოქმედდა, თუმცა ახლა დაზუსტდა.  

მარეგულირებელი ითხოვს, რომ სისტემური და  მნიშვნელოვანი ბანკების დირექტორების საბონუსე ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა  5 წელზე ნაკლები არ იყოს.  ე.წ მატერიალური რისკის ამღები პირების ცვალებადი ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა კი, არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ ბონუსების განაღდების ვადის გახანგრძლივება, ბანკებს მმართველი  რგოლის მხრიდან გადაჭარბებული რისკების აღებისგან დაიცავს. 

„ანაზღაურების და მოტივაციის სტანდარტების ცვლილება მთელ მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო. ვინაიდან, აღმოჩნდა, რომ ისე იყო მოტივაციის სისტემები მოწყობილი, რომ დირექტორატს გადაჭარბებული რისკების აღების მოტივაციას უჩენდა, რადგანაც ისინი ბონუსს იღებდნენ მოკლევადიან პერიოდში, ხოლო რისკები რეალიზდებოდა გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ ევროკავშირმა შემოიტანა ანაზღაურების გადავადების ცნება და მოთხოვნები. ჩვენც, ჯერ კიდევ 2018 წელსვე  კოდექსში ასეთი მოთხოვნები გავაჩინეთ. ახლა ევროკავშირმა დააზუსტა კრიტერიუმები,  ტერმინებში შეიტანა სიცხადე და ჩვენც ამასთან შესაბამისობაში მოვედით“, - აცხადებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

აღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსასვლელად ბანკებს განესაზღვრათ ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა ანაზღაურებისა და ნომინაციის კომიტეტების თავმჯდომარეების ცვლილების მოთხოვნისა, რომლის ვადაც 2022 წლის 31 დეკემბრამდეა.

 „ვფიქრობთ, რომ დრო სწორია, რადგანაც ჯანსაღი კორპორაციული მართვა მნიშვნელოვანია, როგორც სტაბილურ პერიოდში, რადგან სწორად მოხდეს რისკების იდენტიფიცირება, ასევე ცვალებად გარემოში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, რათა სწორად ხდებოდეს ამ რისკების მართვა. რაც შეეხება ხარჯებს, ეს არ იქნება იმაზე მეტი, რა სარგებლის მოტანაც ამ ცვლელებას შეუძლია“, - მიიჩნევს თეონა კონტრიძე.

აღსანიშნავია, რომ მსხვილ ბანკებს მაღალი დონის მენეჯმენტის შენახვა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უჯდება.