ფინანსები
16/09/2020

კობა გვენეტაძე:2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ დონეს ჩამოცდება

2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ დონეს ჩამოცდება. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  კობა გვენეტაძემ განაცხადა, არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.

"ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი - მეტწილად საგარეო - მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს.

აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“-განაცხადა გვენეტეძემ. 

როგორც ცნობილია, ეროცნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.