კობა გვენეტაძე: ვიმედოვნებ, IMF-თან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
კობა გვენეტაძე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად ვიდეოკონფერენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ სუბირ ლალს შეხვდა.
სსფ-ის მისიამ აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.
გვენეტაძემ სსფ-ს მხარდაჭერასა და მის მნიშვნელობაზე აცხადებს.
"მოხარულები ვართ, რომ მისია ცალსახად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ზომებს და გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა სელიმ ჩაკირმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ 4 წლიანი პროგრამის შესრულებას ქვეყანამ თავი კარგად გაართვა, რაც შესაძლოა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების წინაპირობა გახდეს.
„მოხარულები ვიქნებით ახალი პროგრამის შემუშავების შესაძლებლობით. მთავრობასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ მის მთავარ კომპონენტებზე. ერთი საწარმოების რეფორმა უნდა იყოს, ხოლო მეორე ფისკალური კონსოლიდაცია. ჩვენ მალევე შეგვიძლია მოლაპარაკებების დაწყება“,- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სსფ-სთან 4-წლიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამის ბოლო მიმოხილვის დასრულებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 111 მლნ დოლარი (78 მლნ SDR), ჯამურად, ქვეყანას 687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული.