კობა გვენეტაძე: რისკები, რომელსაც ბიზნესი ხედავს, გამოსახულია ლარის დღევანდელ კურსში
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გააჩინა იმის მოლოდინები, რომ მიმდინარე პროცესი ეკონომიკაზე აისახებოდა. ის რისკები კი, რასაც ბიზნესი ხედავს, გავლენას ახდენს ლარის კურსზე.
"როდესაც რეგიონში ასეთი განვითარება გვაქვს - კონფლიქტი ჩვენს ორ სავაჭრო პარტნიორს შორის, რა თქმა უნდა გაჩნდა იმის მოლოდინები, რომ ეს გარკვეულწილად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე მოხდა გაცვლითი კურსის რყევა.
მცურავ გაცვლით კურსს, სხვა თვისებებთან ერთად, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომ მაშინ, როდესაც მოსალოდნელია რაიმე რისკები, ის თავიდანვე ითვალისწინებს ამას და რეაქციას აკეთებს - ანუ, შოკის შერწყმას აკეთებს. აქედან გამომდინარე იყო სწორედ ის რეაქცია, რაც ჰქონდა ლარს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რისკები, რომელსაც დღეს ბიზნესი ხედავს, ამ წუთში არის შეწოვილი და გამოსახული იმ კურსში, რომელიც დღეს გვაქვს. ამავე დროს ჯერ რთულია ვთქვათ, რა იქნება ამის საბოლოო განვითარება, რადგან სიტუაცია ხშირად იცვლება ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ 1 ბარელი ნავთობის ფასმა 130 დოლარს მიაღწია, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნული იყო, თუმცა დღეს მისი ფასი 105 დოლარია",- განაცხადა კობა გვენეტაძემ "იმედის" ეთერში.