ფინანსები
11/11/2020

კობა გვენეტაძე: პატარა ეკონომიკისთვის მცურავი გაცვლითი კურსი ოპტიმალური გამოსავალია

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, მომხმარებელთა უფლებები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუში ისაუბრა.

კობა გვენეტაძემ ინფლაციის თარგეთირებისა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დანერგვაის საკითხზე დეტალურად ისაუბრა. კითხვაზე რატომ მიიღო ცენტრალურმა ბანკმა ასეთი მანდატი და რამდენად წარმატებით მუშაობს ამ დრომდე ქვეყნის მთავარი ბანკირი პასუხობს:

"როდესაც ხედავ მონეტარული თარგეთირება არ ამართლებს, სხვა ნაბიჯები უნდა გადადგა. როდესაც ეროვნულ ბანკში 90-იანი წლების დასაწყისში ვმუშაობდი, ჩვენ ვხედავდით ფულის მასის აგრეგატებისა და ინფლაციის ურთიერთდამოკიდებულებას და ფულის მასას ვარგებდით იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გვსურდა. თუმცა, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური სისტემა უფრო დახვეწილი ხდება, ეს მიდგომა ვეღარ ამართლებს. საქართველო მცირე, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. ჩვენ არ ვართ ღრმად ინტეგრირებული ისეთ ეკონომიკასთან, რომელსაც სტაბილური მონეტარული პოლიტიკა გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა აქტიური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, როგორც დრო გვიჩვენებს, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. თუ გამოვიყენებთ „შეუძლებელი ტრილემის" (impossible trilemma) შეზღუდვებს - ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი - ეს არის ოპტიმალური გამოსავალი პატარა, ღია ეკონომიკისთვის. ინფლაციის თარგეთირება საკმაოდ წარმატებით მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გარკვეული ინსტრუმენტების განვითარების პროცესში ვართ. მიუხედავად ამისა, თუ შეხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად 2000-2008 წლების, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 6.8% იყო. 2009 წელს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.7%-ია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური და ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოსთვის კარგი არჩევანია", - ამბობს კობა გვენეტაძე.