კობა გვენეტაძე: "ოვერშუთინგს" კურსის შემოტრიალება მოყვება, მზად ვართ ინტერვენციებისთვის
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა IDFI-ს ორგანიზებულ შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეულ შოკსა და იმ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას, მისი თქმით, სირთულეების გადალახვაში ეხმარება.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ შექმნილმა უპრეცედენტო გარემოებებმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის საგარეო შემოსავლებზე, სავალუტო ბაზარზე, ინფლაციასა და ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობაზე.
მისი თქმით, პანდემიური ვითარება გრძელდება, ამას ემატება თურქეთში მიმდინარე მოვლენები, რაც სავალუტო ბაზარზე გადაჭარბებულ მერყეობას აჩენს. ასეთ დროს გაცვლითი კურსის ჭარბ გაუფასურებას, ე.წ. "ოვერშუთინგს", შემდეგ გაცვლითი კურსის კვლავ შემოტრიალება მოყვება, რასაც, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებისათვის მზადყოფნაც დაეხმარება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მსგავსი შოკების დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
"თუ ქვეყანას სურს, ჰქონდეს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის მობილობა, მაშინ კურსის მოქნილობა აუცილებელი ელემენტია. საერთაშორისოდ აღიარებული აზრია, რომ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის მობილობა ქვეყნებისთვის, მათ შორის მცირე ზომის ღია ეკონომიკებისთვის, ეკონომიკის სტაბილურად მაღალი ზრდის აუცილებელი პირობაა. მისი დათმობა ბევრად უფრო დიდი დანაკლისი იქნებოდა ეკონომიკისთვის- შემოსავლებისა და დასაქმების კუთხით, ვიდრე კურსის მოქნილობიდან მომდინარე ხარჯებია. თავის მხრივ, ამ ხარჯების შემცირებაში კი სწორედ დედოლარიზაცია გვეხმარება",- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი დონეა.
“ბოლო პერიოდში მიმდინარე საგარეო შოკები და გაცვლითი კურსის ტენდენციები ნათლად გვაჩვენებს, რომ დედოლარიზაცია აუცილებელია. რომ არა ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, დღეს უფრო მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჯამურად ეკონომიკა უფრო დიდ ზარალს მიიღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურის პირების სესხების გაზრდილი ლარიზაცია, რამაც ფიზიკური პირები გაუფასურებული კურსის გავლით გაზრდილი სესხის მომსახურების წნეხისაგან დაიცვა და ფინანსური სტაბილურობის რისკები შეამცირა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.