კობა გვენეტაძე: მაღალი ინფლაცია სებ-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს
საქართველოს მთავარი ბანკირი მაღალი ინფლაციის პირობებში "მთავარ დამნაშავედ" პანდემიას ასახელებს და ეს არა მხოლოდ საქართველოში არამედ მწვავედ დგას განვითარებულ ქვეყნებშიც კი.
კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება.
"ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირება „არ მუშაობს". უნდა გვესმოდეს, რომ მიზნობრივი ინფლაცია წარმოადგენს ნომინალურ ღუზას (anchor) მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო მეტიც, დაბალი მიზნობრივი ინფლაციის არსებობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის არის ფაქტორი, რაც მაღალ ინფლაციურ პერიოდში, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს, რასაც აკეთებს კიდეც. ეს კი, დროთა განმავლობაში, ინფლაციას, რომელიც დღეს ერთჯერადი ფაქტორების გამო არის მაღალი, აუცილებლად დაეხმარება, რომ კვლავ შემცირდეს," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის 2021 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს.
დისკუსიის დროს მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოშემ მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და პერსპექტივებია გაანალიზებული.