ფინანსები
08/12/2021

კობა გვენეტაძე: გვაქვს კარგი წარმოდგენა როგორი იქნება ტექნოლოგიურად ციფრული ლარი

ციფრულ ლართან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საჯარო განხილვების დაწყებას აანონსებს. სებ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს სხვადასხვა მოსაზრების გათვალისიწნებას.

რაც შეეხება კონკრეტულად რა ეტაპზეა ციფრული ლარი და როდიდან გამოჩნდება ის ბაზარზე - კობა გვენეტაძემ "ბიზნესპარტნიორის" კითხვაზე განაცხადა, რომ სებ-ს უკვე აქვს კარგი წარმოდგენა თუ როგორი იქნება ტექნოლოგიურად ციფრული ლარი.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით სებ-მა არაერთი შეხვედრა გამართა ფინტექ კომპანიებთან.

"ამჟამად განვიხილავთ ციფრული ვალუტის შესაძლო კონკრეტულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის ბევრი კომპონენტი უკვე არსებობს, ტექნოლოგიურად საკმაოდ გამართულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტი არის განსავითარებელი, მაგალითად ოფლაინ გადახდები, ინტეროპერაბელურობა (მოწყობილობების შეთავსებადობა) სხვა სისტემებთან და ა.შ. 

ასევე ვფიქრობთ როგორ იქნება შესაძლებელი კერძო საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც ცნობილია, ქართველი მომხმარებელი ციფრული ლარით სარგებლობას 2022 წლიდან შეძლებს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და განხილვების მალე უნბდა დაიწყოს.

როგორც ნათქვამი იყო, პირველ ეტაპზე ციფრული ვალუტის საპილოტე რეჟიმის ამოქმედება იგეგმება. ზუსტი დეტალები ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია, თუმცა ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განისაზღვრება გარკვეული ლიმიტები - ვინ და რა ზღვრის ფარგლებში ისარგებლებს ციფრული ლარით.

ასევე ცნობილია, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტის დანერგვის პროცესში ქართული ფინტექ კომპანიებიც უნდა ჩაერთონ. ბაზრის შესწავლის მიზნით, ეროვნული ბანკი უკვე 100-მდე კომპანიას შეხვდა, ვისაც პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს.

ბოლო წლებში ციფრული ვალუტა მსოფლიო ეკონომიკისთვის ტრენდული მიმართულება გახდა. გლობალურად ამ მიმართულებით უკვე 90-მდე ქვეყანა მუშაობს. დაახლოებით 8 მათგანმა ციფრული ვალუტა სატესტო რეჟიმშიც ჩაუშვა. მათ შორის მოწინავე ჩინეთია.