ფინანსები
30/03/2022

კობა გვენეტაძე: ფინანსურ სექტორს მუდმივად აქვს წვდომა სანქცირებულების სიებზე

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, ეროვნულმა ბანკმა მისი ზედახმედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს მისცა მითითება, რომ ეს სანქციები დაეცვათ. 

"მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაზრდილია რისკები არა მარტო იმ ქვეყანაში, სადაც ეს ომი მიმდინარეობს, არამედ მთლიანად რეგიონში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე კომერციულ ბანკებს შემუშავებული აქვთ თავიანთი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი რისკების მატერიალიზება არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ ის, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე, როდესაც უკვე სანქციები გამოქვეყნდა, 26 თებევრლიდან, ეროვნულმა ბანკმა მისცა მითითება მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს, რომ მათ განუხრელად დაეცვათ ის სანქციები, რომელიც აამოქმედა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთნმა და ევროკავშირმა, რაც ნიშნავს, რომ ეს სექტორი განუხრელად იცავს ამ სანქციებს. 

საქართველოს საფინანსო სექტორი, გლობალური საფინანსო სექტორის ნაწილია და როგორც ბაზრის მონაწილეები, ასევე ეროვნული ბანკი განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ვიყოთ ამ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მუდმივ რეჟიმში აქვთ წვდომა სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სიებზე.  

"მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, ამ სანქციების დაცვა თავად საფინანსო სექტორის ინტერესებში შედის, რათა ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ მათ შეინარჩუნონ თავისი ურთიერთობები როგორც ორმხრივ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა სანქციების განუხრელ დაცვას დამატებით ეროვნული ბანკიც აკონტროლებს. სანქციების დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ ურთიერთობის შეწყვეტას სანქცირებულ პირებთან, არამედ მათთვის სხვა პირების მიერ საბანკო სექტორის მეშვეობით სანქციების არიდების ხელშეწყობის აღმოფხვრას. 

ქართული საბანკო სექტორის სანქციების არიდების მიზნით გამოყენებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ასეთი მცდელობაც კი იქნება მომენტალურად იდენტიფიცირებული და მას მოჰყვება უმკაცრესი შესაბამისი რეაგირება. ძალიან მჭირდო კონტაქტში ვართ დასავლელ პარტნიორებთან. ამ მიმართულებით კონტროლი უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მიერ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.