ფინანსები
04/08/2021

კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციის აუცილებლობა არ არის, თუმცა მზად ვართ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა არ არის. თუმცა, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სებ-ი ამისთვის მზად არის. 

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი და მას კონკრეტული ფაქტორები განსაზღვრავს. 

“შარშან 916 მილიონი გავყიდეთ, წელსაც დაახლოებით 260 მილიონი გვაქვს გაყიდული. მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში ინტერვენციებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს აუცილებლობის მიხედვით, ამ წუთში არ არის აუცილებლობა, თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მცირე გაყიდვებს bmatch პლატფორმის საშუალებით ვაწარმოებთ. გასულ თვეს თუ არ ვცდები დაახლოებით 3 მილიონი დოლარი გავიყდეთ, იმის წინაც გავყიდეთ. ასე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბაზარზე და როგორც კი აუცილებლობა იქნება ჩვენი ჩარევის, ჩვენ გვაქვს რეზერვები, რესურსები, რომლის შესავსებადაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ განვლილ წლებში და რომელსაც დღეს ვიყენებთ, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზარს ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მივაწოდოთ.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინტერვენციების მიზანი არ არის და ვერ იქნება კურსის კონკრეტულ დონეზე შენარჩუნება. კურსი არის მცურავი, გრძელვადიან პერიოდში მას ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს, მოკლევადიან პერიოდში ვთქვათ ისეთი მოვლენები, როგორიც ახლაა. მაგრამ ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები საკმარისი დონე, გვეხმარება იმისათვის, რომ ბაზარს დავეხმაროთ ასეთი რთული სიტუაციების დროს. ასე, რომ ჩვენ ბაზარზე ვრჩებით და საჭიროების შემთხვევაში რეზერვებს აუცილებლად გავყიდით“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.