კიბერთავდასხმებით მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს კარგავს
„კიბერთავდასხმების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა ათეულობით მილიარდ დოლარს კარგავს,“ - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა განუცხადა. გიორგი იაშვილის განმარტებით, კიბერთავდასხმები მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც გახშირებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრად დაცული გვეგონოს სხვადასხვა სექტორი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიბერშეტევები მათ მიმართ არ განხორციელდება, ამის ნათელი დადასტურებაა საფინანსო სექტორი. ბოლო წლებში რამდენიმე გახმაურებული კიბერშეტევა დაფიქსირდა საბანკო სექტორზე. იყო შეტევები, როდესაც კიბერ დამნაშავეები გამოსასყიდს ითხოვდნენ კონკრეტული ფინანსიური ინსტიტუტებიდან, ეს რაც ვიცით და რაც არ ვიცით და რაზეც ინფორმაცია არ ვრცელდება, ისინი გაცილებით უფრო მეტია. ამაზე რეაგირებას საბანკო სექტორის წარმომადგენლები სათანადოდ ახდენენ, მაგრამ ფაქტია ის, რომ გაცილებით დიდი რესურსი იდება კიბერ დამნაშავეების მხრიდან და აქეთ მხარეს რაც არ უნდა დიდი რესურსი ჩავდოთ დაცვის უზრუნველყოფის კუთხით კიბერდამნშავეები მაინც წინ არიან,“ - აღნიშნა გიორგი იაშვილმა.
მისივე განმარტებით, კიბერშეტევის სამიზნე საბანკო სექტორი რომ ხშირად ხდება, ამის შემჩნევა მომხმარებლებს იმ გახშირებული ხარვეზებითაც შეუძლიათ, რაც მაგალითისთვის ინტერნეტბანკში ფიქსირდება.
„ზოგადად, საფინანსო სექტორი კიბერდანაშაულის სამიზნე ძალიან ხშირად ხდება. მომხმარებელს ალბათ არაერთხელ შეუნიშნავს, ინტერნეტბანკინგში ხარვეზი, რომელიც გახშირებულია. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი რიგ შემთხვევებში სწორედ სხვადასხვა სახის კიბერთავდასხმა,“ - განაცხადა გიორგი იაშვილმა.