ფინანსები
28/07/2023

"კაპიტალის ბაზრის რეალური განვითარების გარეშე, საქართველოში ეკონომიკის სწრაფ ზრდას ვერ უზრუნველვყოფთ"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

სპეციალისტების აზრით,საქართველოში კაპიტალის ბაზარი საერთაშორისო კონკურენციის კონტექსტში საკმარისად წახალისებული არ არის.

როგორც „ ბიზნესპარტნიორის" პოდკასტში USAID-ის მრჩეველი კაპიტალის ბაზრის რეფორმაში გიორგი ამზაშვილი აცხადებს, ქვეყანას  სხვა მსგავს იურისდიქციებთან კონკურენტული უპირატესობა უნდა ჰქონდეს.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა მაგალითად, ბალტიის ქვეყნებთან, ლუქსემბურგთან ან თუნდაც ირლანდიასთან, რომელიც სულ რაღაც 20 წელია რაც წამოტივტივდა საინვესტიციო საქმიანობის რუკაზე. გასაგებია, რომ პატარა ქვეყანაა საქართველო.

ამ მხრივ ადგილობრივი ბაზარი, შეიძლება, არ არის იმდენად საინტერესო, მაგრამ რა გამოსავალიც მონახეს პატარა ქვეყნებმა ამ შემთხვევაში, არის ის, რომ მსოფლიო საინვესტიციო საზოგადოებისთვის სასურველ მისამართად იქცნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ფინანსური ცენტრის, ლუქსემბურგის ინვესტიციების სქემების 90% არის სხვა ქვეყნის წარმომავლობის.

ჩვენი პერსპექტივა არის სწორხაზოვანი. თუ ჩვენ გვინდა კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ თუ რა კონკურენტული უპირატესობა შეიძლება გვქონდეს.“-აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა.

მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის რეალური განვითარების გარეშე საქართველოში ეკონომიკის სწრაფ ზრდას ვერ უზრუნველვყოფთ.

როგორც გიორგი ამზაშვილი აღნიშნავს, საინვესტიციო ფონდების კანონის მიღებით კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

"საინვესტიციო ფონდების კანონის მიღებით ჩვენ საქართველოში ლეგალური ხელშეწყობა შევქმენით და გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში საქმიანობა განახორციელოს საინვესტიციო ფონდმა. ამ კანონის კონცეფცია Usaid-მა მოამზადა.

ბოლო პერიოდში საინვესტიციო ფონდების ერთობლივმა პორტფოლიომ 100 მლნ ლარი შეადგინა. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც პოზიტიური ტრენდია. უკეთეს შედეგებზე გასვლისთვის ჯერ კანონებიც დასახვეწია. იგივე, დაბეგვრის რეჟიმი და ადმინისტრირებაა მოუქნელი და გაუგებარიც საქართველოში.“-აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ საქართველოში მოსახლეობას დეპოზიტის გარდა სხვა გრძელვადიანი დაგროვების ინსტრუმენტი არ გააჩნია, სხვა გამოწვევებთან ერთად, სოციალური პრობლემაც არის.

„მსოფლიო საინვესტიციო რუკის შემადგენელი ნაწილი რომ გავხდეთ, ცხადია შესაძლებელია და საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ წარმატებული მაგალითები. გვქონდეს მარტივი ადმინისტრირება. ესაა სწორედ ის, რაც იზიდავს ინვესტორს და ეხმარება ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში.

რეგულაციის ტონი უნდა იყოს ძალიან მეგობრული. გადასახადები უნდა იყოს მარტივად ადმინისტრირებადი. რატომაა ინვესტორებისთვის საინტერესო ლუქსემბურგი? იქ საერთოდ არ ხდება საინვესტიციო ფონდის დაბეგვრა, არცერთ დონეზე, მხოლოდ არის მოსაკრებელი, რომელიც მთლიანი პორტფოლიოს, 0,005%-ია. ჩვენთან კი საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის სისტემა არის ძალიან რთული.“-აღნიშნა USAID-ის მრჩეველმა კაპიტალის ბაზრის რეფორმაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. ახლა პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რამაც კაპიტალის ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტები უნდა გააჩინოს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

 

Businesspartner