ჯიპიაი ჰოლდინგი: სებ-ის ინიციატივა საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობას გაზრდის
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი ეროვნული ბანკის მუშაობას საპენსიო ფონდებთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, 40 წელს გადაცილებულ, 2023 წლიდან საყოველთაო საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირებს საშუალება ექნებათ თავიანთი საპენსიო დანაზოგი სახელმწიფო საპენსიო სქემიდან კერძო საფინანსო ინსტიტუტებში გადაიტანონ. ამ გადაწყვეტილებამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოტივაცია შეუქმნას კერძო სადაზღვევო სცემაში მონაწილე კომპანიებს.
სტამბოლიშვილის განმარტებით, "ჯიპიაი ჰოლდინგის“ პოზიცია საპენსიო რეფორმის დაწყების დღიდან იყო ის, რომ სქემაში მონაწილე ადამიანს არჩევანის უფლება ჰქონოდა, ეს კი კონკურენციას და გამჭვრივალობას უზრუნველყოფდა.
„როდესაც ამ უფლების შესაძლებლობის მიცემაზე მიდის მუშაობა, რა თქმა უნდა კარგია,“ - განმარტავს სტამბოლიშვილი.
მისივე განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში, კატეგორიას, რომელიც თვითდასაქმებულია საშუალება ექნება საპენსიო სქემაში, სწორედ კერძო საპენსიო ფონდების საშუალებით ჩაერთოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ხელს შეუწყობს არასაბანკო საფინანსო პროდუქტების განვითარებას.
„კერძო საპენსიო ფონდები სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ მოსახლეობისთვის შემოიტანონ ისეთი პროდუქტი, როგორიცაა მაგალითად სიცოცხლის დაზღვევის მიბმა საპენსიო დანაგროვზე და სხვა რისკების დაფარვა. ეს კანონპროექტი ამის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ, რომ კონსულტაციების საკითხშიც ჩავერთოთ,“ - აცხადებს სტამბოლიშვილი.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორ თინა სტამბოლიშვილს დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს, რადგან ამ დროისთვის უცნობია როგორ და რა ფორმით მოხდება აღნიშნული კანონპროექტის მიღება. მიუხედავად ამისა, სტამობილიშვილი აღნიშნავს, რომ ინიციატივა საპენსიო ფონდს მისცემს შესაძლებლობას, საპენსიო სქემაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა გაზარდოს.
კითხვაზე, კანონის ამ რედაქციით ამოქმედების შემთხვევაში კერძო ფონდები ხომ არ გამოვლენ სახელმწიფოს შექმნილი საპენსიო სქემის კონკურენტები,სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
შეგახსენებთ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძო საპენსიო სქემაში სულ 15 790 ადამიანია ჩართული. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15 842 ადამიანს შეადგენდა. 2018 წელს 31 დეკემბრისთვის კი სქემის მონაწილეთა რაოდენობა 22 000-მდე იყო.
ამ დროისთვის კერძო საპენსიო სქემაში 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათგან საპენსიო დანაზოგს მომხმარებელი 3 კომპანიაში "საქაერონავიგაციაში", "ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და "ალდაგში“ აკეთებს.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო შენატანების მოცულობა 5.3 მლნ ლარია, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4.9 მლნ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სახელმწიფო ფონდს, საპენსიო ასაკში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა.
დასაქმებულისთვის საპენსიო სქემას, ზოგადად, აქვს დაგროვების შემდეგი პრინციპი: 2%+2%+2%. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით საპენსიო ფონდში რიცხავს მისი ხელფასის/შემოსავლის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამასთან, ამავე მოცულობით თანხას დამატებით რიცხავს დამსაქმებელიც, ხოლო სახელმწიფოს მიერ დამატებით გაკეთებული შენატანის მოცულობა დამოკიდებულია დასაქმებულის შემოსავლის მოცულობაზე და ისიც მაქსიმუმ 2%-ია.