ფინანსები
14/02/2022

ჯიპიაი: $100 000-იანი სახლის მიწისძვრისგან/ხანძრისგან დაზღვევა თვეში საშუალოდ ₾45 ღირს

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი თამთა ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიწისძვრისგან დაზღვევის პაკეტი ცალკე არ არსებობს, თუმცა, ის შედის როგორც ავტომობილების, ისე ქონების დაზღვევის პოლისში.

მისი განცხადებით, ქონების დაზღვევის კორპორაციული მიმართულება დღეს მოთხოვნადია, რასაც ვერ ვიტყვით, საცალოზე.

ყიფიანის განმარტებით, საცალო პაკეტები მთელი ქონების პორტფელის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. „მოცვა დიდი არ არის, რადგან დაზღვევის კუთხით ჩვენს მოსახლეობაში ცნობადობა ძალიან დაბალია".

კითხვაზე, უძრავი ქონების პოლისის შეძენის შემთხვევაში და  მიწისძვრისგან გამოწვეული ნგრევის დადგომის დროს, თუ ხდება კომპანიის მხრიდან შესაბამისი თანხით ურუნველყოფა, ყიფიანი განმარტავს, რომ  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პოლისში "კომფორტი“ (პოლისის ფასი 10 ლარიდან იწყება) ნგრევა გათვალისწინებული არ არის (აქ მხოლოდ ქონების დაზიანება ანაზღაურდება), თუმცა, მთლიანად, უძრავი ქონების  პოლისის შეძენის დროს ნგრევა გათვალისწინებულია და სახელმწიფოსთან ერთად კერძო სადაზღვევო სექტორი  ზარალის მნიშვნელოვან წილს ანაზღაურებს.

მისივე განცხადებით, ქონების დაზღვევის შემთხვევაში ფასი ითვლება აღდგენითი ღირებულებიდან და ამ თანხის 0.2-0.3%-ს შეადგენს. ანუ, დაახლოებით $100 000-ის ღირებულების სახლის მიწისძვრისგან და ხანძრისგან დაზღვევა წელიწადში საშუალოდ $190, თვეში კი $16 (დაახლოებით 45 ლარი) დაჯდება.

„მიწისძვრა ძალიან დიდი რისკია. ამ დროს 1 და 2 სახლის ნგრევაზე არ იქნება საუბარი. ამიტომ, ჩვენ ეს რისკი გადაზღვეული გვაქვს საკმაოდ ცნობილ გადამზღვევ კომპანიაში და ზუსტად ვართ დარწმუნებული, რომ საჭიროებისამებრ ზარალი სრულად ანაზღაურდება. ჩვენს ქვეყანაში ეს რატომღაც სახელმწიფოს აწვება ხოლმე. საზღვარგარეთ კი ასეთ დროს ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო სექტორი ფარავს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის მოთხოვნადი უძრავი ქონების დაზღვევის პროდუქტები, ვიტყვი, რომ ზოგადად, დაზღვევის კულტურა ჩვენს ქვეყანაში არ არის განვითარებული,“-აცხადებს ყიფიანი.

ყიფიანი აცხადებს, რომ კომპანიას მიწისძვრისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შემთხვევა  ამ ეტაპზე არ ჰქონია.

ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, გუშინ, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.