ივანე მაჭავარიანი WB-ის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ღონისძიებებსა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა ბანკის დახმარების მნიშვნელობაზე ჯანდაცვას სფეროში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დროულად ჰქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ადამიანური კაპიტალის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დონორია. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი რეფორმის წამოწყება, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთონ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.
ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი პარტნიორები კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.