ივანე მაჭავარიანი: კურსი იმიტომ მერყეობს, რომ მაღალი დოლარიზაცია გვაქვს
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა დედოლარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მაღალი დოლარიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე.
„კურსის სტაბილურობას ყველაზე უფრო ხელს უშლის მაღალი ხარისხის დოლარიზება, როგორც სახელმწიფო ვალის, ისე კერძო კომპანიის. დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ფრთხილი, ზომიერი და დროში გაწელილი ძალიან მნიშვნელოვანია. მკვეთრი ნაბიჯები საფრთხილოა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ვალი საგანგაშო ნიშნანს უახლოვდება. რატომ ვნერვიულობთ? იმიტომ რომ დოლარიზებულია. ადგილობრივი ვალი რომ იყოს სრულად, პრაქტიკულად პრობლემა არ არის , 60% კი არა, 160%-იც არ იქნებოდა პრობლემა“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ვალის მართვის სტატეგიაში მთავრობის გეგმა იყო, რომ დოლარიზებული ვალი ნელ-ნელა ადგილობრივით ჩანაცვლებულიყო.
„თუმცა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც დღეს ვართ, გაცილებით ფრთხილად მოვეკიდებით. წელს ამ კუთხით ნულოვანი გამოშვება გვექნება ბაზარზე, თუმცა სამომავლოდ ეს გზა უალტერნატივოა“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა პალრმაენტში საკომიტეტო მოსმენაზე.