ფინანსები
24/11/2021

ივანა ფერნანდეს დუარტე: უნდა დაჩქარდეს მდგრადი, მწვანე და ინკლუზიური ინვესტიციების განხორციელება

ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში მიიჩნევს, რომ ეკონომიკის უკეთესად აღდგენისთვის მნიშვნელოვანია მდრადი, მწვანე და ინკლუზიური ინვესტიციების განხორციელება.

"გარემოსა და სოციალური საკითხების მხრივ მდგრადობა გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის და COVID-19 კრიზისმა ეს გადაუდებელი საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახადა. კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საფინანსო ინსტიტუტებია, ეს პროექტები კი ამ ინსტიტუტებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს. IFC-ის გამოცდილებით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების სწორი მენეჯმენტი ხელს უწყობს ასეთი ინვესტიციების განხორციელებას. საფინანსო მარეგულირებლებს, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი საფინანსო ინსტიტუტებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, IFC, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) 44 წევრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეფორმებისა და რეგულაციების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი კერძო ინვესტიციებისთვის შესაძლებლობების შექმნას," - განაცხადა დუარტემ ონლაინ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკა უმასპინძლა.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, 2018 წლიდან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში მდგრადი დაფინანსების ხელშესაწყობად, წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC - თან თანამშრომლობის მეორე შეთანხმებას მოაწერა ხელი.

"შეთანხმების ფარგლებში ახალ პროექტებზე მუშაობის პარალელურად, ეროვნული ბანკი განაგრძობს ცნობიერების ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით IFC - თან თანამშრომლობას," - განაცხადა გვენეტაძემ

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმაც აღნიშნა, რომ ფინანსური ინსტიტუტებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ კერძო სექტორის ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტაციაში და დაეხმარონ მათ ინვესტიციების მწვანე და პასუხისმგებლიანი პროექტებისკენ წარმართვაში.

"შვეიცარია, ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) წარმომადგენლობით, მხარს უჭერს IFC-ის პროგრამას ჯანსაღი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკის დანერგვისთვის, რაც მდგრადი დაფინანსების აუცილებელი წინაპირობაა", - აღნიშნა მევილიმ.

 

 

მდგრადი დაფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილი ეს ფორუმი ეროვნული ბანკის მასპინძლობით, IFC/SBFN-სთან ერთად გამართული მესამე ღონისძიებაა. პირველი შეხვედრა 2018 წელს გაიმართა. მას შემდეგ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების შესახებ, ნაყოფიერი დისკუსიების პლატფორმას წარმოადგენს. ბოლო კონფერენციის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა, "ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები“ და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა და "მდგრადი დაფინანსების ანგარიშის“ გამოქვეყნება დაიწყო.

 

ფორუმის მონაწილეებმა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით არსებული გამოწვევების, ESG ანგარიშგების მნიშვნელობისა და გამჟღავნების თანმიმდევრულობის და შესაბამისობის უზრუნველყოფაში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ იმსჯელეს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის მნიშვნელობას და მის როლს მდგრადი დაფინანსების ნაკადების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების სანდოობის უზრუნველყოფაში.

ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-თან არსებულ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გაიმართა. ონლაინ ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკები და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლები, SBFN-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, IFC-ის ექსპერტები, და სხვა დაინტერესებული მხარეები.