ფინანსები
18/02/2021

ივა ჭყონია: ბიზნესისთვის რთული პერიოდია, სებ-მა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს

კერძო სექტორს გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მოვლენათა განვითარების პროგნოზირება უჭირს. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ის პროცესები, რომელიც უახლოეს მომავალში ქვეყანაში წარიმართება, სრულად „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობა იქნება.

„აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ბიზნესსა და მოსახლეობას პოლიტიკა არ ეხება და ამაში არ უნდა ვიყოთ ჩარეული. როდესაც შენ მიერ გადახდილი გადასახადებით აფინანსებ ქვეყნის ხელისუფლებას, აუცილებლად უნდა იყო აქტიურად ჩართული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც ხდება. ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებიდან არჩევნებამდე გვიწევს ცხოვრება. არჩევნების წინა პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა დაბალი ეკონომიკური აქტივობით. პანდემიაც რომ დაემთხვა ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო წლებში ქვეყნის მთავარმა ხერხემალმა, ლარმა, ძალიან დიდი დარტყმა განიცადა. ურთულესი პერიოდია. ქვეყნის ეკონომიკა ახლა პიდაპირაა მიბმული პოლიტიკურ პროცესებზე. ამაზე პასუხისმგებლობა 100%-ით მმართველ გუნდს აკისრია. ძალიან რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება. წარმოუდგენელია, ვინ შეიძლება იყოს ახალი პრემიერმინისტრი. გაურკვევლობა ყველაზე დიდ დესტაბილიზაციას ქმნის ბიზნეს სექტორში“,- განაცხადა ჭყონიამ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებს, ლარის დევალვაციის შემთხვევაში ადეკვატურად იმოქმედოს.

„დადებით მომავალზე მოკლევადიან პერიოდში საუბარი არც გვაქვს. ბიზნესისთვის ძალიან რთული პერიოდი იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი დადგეს თავის სიმაღლეზე, რათა ამ დესტაბილიზაციას არ მოჰყვეს ლარის გაუფასრება და ქვეყნის ეკონომიკის სრულად ჩამოქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შეუქცევადი იქნება და ძალიან გაგვიჭირდება იმ რთულ კალაპოტში დაბრუნებაც კი, სადაც ახლა ვართ“,- თქვა ჭყონიამ.