იცოდე შენი უფლებები, იყავი დაცული - საფინანსო სექტორი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
ამ თარიღს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ, მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის რეგულატორი, ამ დღეს მისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში ეხმაურება.
საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ასევე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და საცალო ბაზარზე საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო წლებში არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა, მათ შორის შემუშავდა და შემდგომ დაიხვეწა ნორმატიული ბაზა, მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას შესთავაზა საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge, რომელიც მომხმარებლებს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის. ვებგვერდზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და სხვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკის ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ინიციატივა საფინანსო სექტორის მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.
მომხმარებელთა უფლებების დღის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. ამ თარიღთან დაკავშირებით კომერციული სექტორიც არაერთ აქტივობას გეგმას. მათ შორისაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, 7 კომერციული ბანკისა და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
1. კატეგორია "ბლოგი" - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის
2. კატეგორია "ვიდეო" - ვიდეო ფორმატის ("Vlog", "Motion Design") ნამუშევრებისათვის
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვეს გასტანს. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.