"იშბანკ საქართველომ" IFC-დან $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა
„იშბანკ საქართველომ“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან (IFC) $10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება.
„იშბანკ საქართველოს“ სესხებს კომპანიები ძირითადად აღჭურვილობის, დანადგარებისა და სხვა საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფართოვდნენ, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას.
გარდა ამისა, მხარეებმა მეორე ხელშეკრულებაც გააფორმეს. ხელშეკრულება საერთაშორისო სვოპისა და დერივატივების ასოციაციის (ISDA) ძირითადი შეთანხმებაა. დოკუმენტი სავალუტო სვოპების განხორციელებისთვის მთავარი საერთაშორისო სამართლებლივი დოკუმენტია და საშუალებას მისცემს „იშბანკ საქართველოს“ აშშ დოლარში მიღებული დაფინანსების ჰეჯირება მოახდინოს, რათა უკეთ მართოს სავალუტო და საპროცენტო რისკები.
IFC-მ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საქართველოს საბანკო სექტორს 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ და გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში.
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია. საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 61 პროექტში— საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან დაახლოებით 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 394 მლნ. აშშ დოლარამდე სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის მხარდასაჭერად.
სს „იშბანკი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის იშბანკის შვილობილი კომპანიაა. „იშბანკი საქართველო“ კორპორატიულ კლიენტებს და ფიზიკურ პირებს საქართველოში საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.