ფინანსები
23/04/2021

ირაკლი კოვზანაძე: პირადად მე ლარიზაციის პროცესის გაგრძელების მომხრე ვარ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განაცხადა, რომ დოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ცენტრალურ ბანკს ხელს უშლის თავისი მონეტარული ინსტრუმენტების სრულყოფილად განხორციელებაში.

“პირადად მე მომხრე ვარ ლარიზაციის პროცესის გაგრძელების. თუ 55-60%-ის ფარგლებშია დოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევს მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა, ეს ნიშნავს რომ ის მოქმედებს იმ 40-45%-ის არეალზე, სხვაზე მისი მოქმედება შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, თუ მან დოლარიზაცის პროცესი არ გააგრძელა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, ლარიზაციის პროცესის გაგრძელება სწორად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ ცენტრალური ბანკი ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელია და ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტორს და ცენტრალურ ბანკს ერთიანი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე,” - აღნიშნავს, ირაკლი კოვზანაძე.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი პრობლემა და მოსაძებნია ოქროს შუალედი, თუმცა ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს და მემკვიდრეობითი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკისთვის.

“ბიზნესპარტნიორის ოთხეულის” კითხვას, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა იმოქმედებს თუ არა ლარებში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე, ირაკლი კოვზანაძე პასუხობს, რომ თუ ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი არ გაზარდა კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია და რთული მდგომარეობა გვექნება.

“საქართველოს მოსახლეობას აწუხებს ფასების სტაბილურობა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ. ეს იქნება მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სხვაგან. გასაგებია, რომ სხვა ტიპის მოვლენებია აქ ჩართული, თუმცა უნდა ვიცოდეთ სად ვისი პასუხისმგებლობის ზონაა,” - ამბობს კოვზანაძე.