
"ირაკლი კობახიძის და ჩემი მოსაზრებები ალბათ იმიტომ დაემთხვა, რომ ჩვენ ერთიდაიგივე კონსტიტუცია გვაქვს"
"მოვისმინე, რომ თითქოს არ გავამართლე იმედები, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და ყველაზე ძლიერი საზომი, რითაც ჩემ წარმატებას თუ წარუმატებლობას გავზომავ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მასზე ზეწოლის მოხდენა არ არის მარტივი.
"მგონი ნათელია საიდანაა ზეწოლა. ზეწოლაა, როდესაც გარედანაა მოწოდებები და ხელისშეშლის მცდელობა მუშაობაში, ზეწოლაა როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმე გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს იმიტომ, რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდება. ზეწოლაა, როდესაც შენს კოლეგებს, საბჭოს წევრებს მოუწოდებ, რომ შეცვალეთ ხელმძღვანელი. ზეწოლაა, როდესაც მე მომმართვაენ რომ გადავდგე და რის გამო უნდა გადავდგე, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად დაცულები იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ამის გამო? ეს არის კლასიკური ზეწოლა.
რაც შეეხება იმას, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩემზე ვინმემ მოახდინა ზეწოლა, ასე არ არის, ჩემზე ასე მარტივი არ არის ზეწოლის მოხდენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. მართალია იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით, ეს ერთ საათში არ მოხმდარა. რეაგირება სწრაფად მოხდა, სანქციების მიღების მომენტიდან მათი აღსრულების ახალი წესის შემოთავაზებამდე.
ჩვენ ვეძებდით სწორ ფორმას, ვფიქრობდით, ხომ არ ყოფილიყო ეს ბანკებზე მითითების ფორმით, ან სხვა ფორმით. მერე შევჯერდით, რომ წესში ცვლილება უფრო სწორი, გამჭვირვალე და უფრო გასაგები იქნებოდა. ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც მე კონსულტაციები მქონდა, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებაც ჩემთვის ძალიან საყურადღებო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის არის პროფესიონალი იურისტი. თუმცა, ამ შემთხვევაში მე გადაწყვეტილება ჩემით მივიღე.
ის, რომ ჩვენი მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით დაემთხვა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ერთიდაიგივე კონსტიტუცია გვაქვს,“-აცხადებს ნათია თურნავა.