ფინანსები
15/07/2021

იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდები - დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროები ბანკებისთვის

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები ნაკლებრისკიანია და საპროცენტო განაკვეთი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთთან ახლოს იქნება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ განუცხადა.

საქართველოში "იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების“ ინსტრუმენტი ინერგება. მისი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდაა.

სალომე სხირტლაძის განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ ბანკებს შეეძლებათ იპოთეკური სესხების პორტფელის ნაწილით უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვან და  სახსრების მოზიდვა შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეძლონ. ამ ობლიგაციებს თავისი სპეციფიური ინვესტორთა ბაზაც ჰყავს.

„ობლიგაცია გამოდის უზრუნველყოფილი შინაარსით. მის უზრუნველყოფაშია იპოთეკური სესხების პორტფელი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. ეს უნდა იყოს ნაკლებრისკიანი სესხები, უნდა აკმაყოფილებდეს საკრედიტო ხარისხის გარკვეულ სტანდარტს. ლარის და ვალუტის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, რომ ამ ობლიგაციების ემისიით დაინტერესდეს ის ინვესტორი, რომელიც სახაზინო ობლიგაციებში აკეთებს ინვესტირებას, თქვენ იცით, რომ ამ პორტფელში არარეზიდენტების წილი საკმაოდ მზარდია ბოლო წლებში, ასევე შეიძლება დაინტერესდნენ თავად კომერციული ბანკები და ასევე საპენსიო სააგენტო, რომლის რისკის პროფილის გათვალისწინებით, შესაძლოა ასეთი ინსტრუმენტი იყოს საინტერესო“, - განმარტავს სალომე სხირტლაძე.

მისი თქმით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები თავდაპირველად ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დანერგა, თუმცა ბოლო წლებში ის მსოფლიოში უკვე პოპულარობით სარგებლობს.

„ეს ინსტრუმენტი ბოლო წლებში ძალიან ფართოდ გავრცელდა არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ სხვა განვითარებად ქვეყნებში და მიიჩნევა, რომ ბანკის დაფინანსების სტრუქტურაში გარკვეულ დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს და ამასთანავე ამცირებს ბანკისთვის მოზიდული სახსრების ხარჯებს“, - ამბობს სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

ეროვნულმა ბანკი კანონპროექტი ბაზრის მონაწილეებს უკვე გააცნო და მათი შენიშვნების გათვალისწინებით გეგმავს, დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგინოს.

 

 

Businesspartner