ფინანსები
14/05/2021

ინტერნეტ და მობაილ ბანკით 2020 წელს ₾109 მლრდ-ის გადარიცხვები განხორციელდა

2020 წელს ინტერნეტბანკით და მობილური ბანკით 109 მილიარდი ლარის გადარიცხვები განხორციელდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პანდემიურ წელს დისტანციური გადახდის არხებით 49 მილიონი გადახდის ოპერაცია შესრულდა, 24.8%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით.

საყურადღებოა, რომ, 2020 წლის აპრილ-ივლისის პერიოდში შემოღებული შეზღუდვების გამო, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინტერნეტბანკითა და მობილური ბანკით განხორციელებული გადახდების თანხაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაშინ, როდესაც შეზღუდვებმა ნოემბერ-დეკემბრის თვეში ინტერნეტბანკითა და მობილური ბანკით განხორციელებული ტრანზაქციების ზრდაზე ნაკლები გავლენა მოახდინა. უფრო მეტიც, რაოდენობრივი მაჩვენებლების მხრივ, იგი პანდემიამდელ ზრდის ტემპებს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ისევე როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადახდებში მობილური ბანკის გამოყენება სწრაფად იზრდებოდა. 2017 წლის შემდეგ მობილური ბანკით განხორციელებული გადახდის ოპერაციების რაოდენობა 9-ჯერ გაიზარდა, პირველად გადააჭარბა ინტერნეტ-ბანკით განხორციელებული გადახდების რაოდენობას და მთლიანი უნაღდო გადახდების 7 პროცენტი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამის საპირისპიროდ, ინტერნეტბანკით განხორციელებულ გადახდების რაოდენობა 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2020 წლის ჯამური მონაცემებით, მთლიანი უნაღდო გადახდების 6.3 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე ხშირად გამოყენებული გადახდის ელექტრონული საშუალება კვლავ საბარათე ინსტრუმენტია.  2020 წლის მონაცემებით, მისი მეშვეობით განხორციელებული უნაღდო გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა მთლიან უნაღდო გადახდებში 84.1 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.

ამ მაჩვენებლით, საგადახდო ბარათები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გადახდის ელექტრონულ საშუალებებს შორის უცვლელად პირველ ადგილს იკავებს.

Businesspartner