ფინანსები
04/12/2020

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 551,3 მილიონი ლარით გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“2,371,630,000 ლარიდან ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 37,8%-ით (853 მილიონი ლარი) გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები, დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის  21-იანი კმ მონაკვეთის მშენებლობა, დაიწყება თბილისი-საგარეჯოს  30 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  მშენებლობა,  ე. წ. მთის გზების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაღდათი-აბასთუმნის, ზემო იმერეთი-რაჭის და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. 

მომავალ წელს დასრულდება მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის 11 პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდება  85 კმ გზა და განხორცილდება 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება. გაგრძელდება ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ზესტაფონის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია.

რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისთვის 69%-ით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2021 წლის ბიუჯეტი და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამ მიმართულებით დაფინანსდება ახალი პროექტები იმერეთში, კახეთში, ყაზბეგში, ხაშურსა და მის მიმდებარე დასახლებებში. დაგეგმილია სამუშაოები სამტრედიაში, ვანში, ბაღდათსა და ყაზბეგში, რასაც ჯამურად მოხმარდება 130 მილიონ ევრომდე. შედეგად, 50 ათასზე მეტ ადამიანს ექნება 24- საათიანი წყალმომარაგება. სამუშაოები ასევე ჩატარდება თელავში, სიღნაღში, ყვარელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და რამდენიმე სოფელში, რის შედეგადაც 45 ათასზე მეტ ადამიანს ექნება წლის უწყვეტი მიწოდება. მომავალ წელს გაგრძელდება გარდაბნის  მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წყლის სისტემების მოწყობის, გუდაურის, ზუგდიდის, ჭიათურის, ჯვარის და მარნეულის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. ასევე, გაგრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გუდაურში. დაფინანსდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ფოთში, გუდაურსა და მარნეულში. დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. 

161 მილიონი ლარით დაფინანსდება ქვეყნის რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2021 წელს დასრულდება 49 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის რეაბილიტაცია. დაფინანსდება 17 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც. 

გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - 2021 წელს 1020 დევნილი ოჯახისათვის დასრულდება ახალი ბინების მშენებლობა   ზუგდიდსა და წყალტუბოში, 2022 წელს კი ქუთაისში დასრულდება მშენებლობა 800 ოჯახისათვის.

აქტიურად გაგრძელდება ურბანული განახლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

მომავალ წელს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, EBRD-ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 6 ქალაქს (ზუგდიდს, რუსთავს, ქუთაისს, გორსა და თელავს)   175 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ახალი ავტობუსი გადაეცემა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებულ 10 ავტობუსს და 16 ერთეულ მუნიციპალურ სპეციალურ ტექნიკას მიიღებს დაბა ბაკურიანი. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობის მიზნით, სპეციალური ტექნიკა გადაეცემა გურიის რეგიონსაც. 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განისაზღვრება 280 მილიონი ლარით, კვლავ 40 მილიონი ლარით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში 3700-მდე დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებს თავად ადგილობრივები შეარჩევენ, მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა პროექტს კი 20 მილიონი ლარი მოხმარდება.  

,,საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ 2021 წელს, ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 30 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეს თანხა კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალისა და საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის განვითარებას მოხმარდება. 

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტს (1 820.3 მილიარდი ლარი), პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ის გადაჭარბებით შესრულდება. ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 1 მილიარდ 810 მილიონი ლარი, რაც დამტკიცებული ბიუჯეტის 99.4%-ს შეადგენს და ამავდროულად, 138 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 11 თვის განმავლობაში აითვისა ბიუჯეტის 104% - 1 მილიარდ 251 მილიონი ლარი, ხოლო შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“  - 209 მილიონი ლარი, ანუ წლის გეგმის 110%“-ნათქვამია ინფორმაციაში.