ინფლაციის შემცირება გადავადდა
საერთაშრისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გადახედვას გეგმავს.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინფლაციის კლების ტრაექტორია პროგნოზირებულად ვეღარ განვითარდება. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ კი, მარეგულირებელს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუხდეს. რამდენით შეიძლება გაიზარდოს რეფინანსირების განაკვთი, რომელიც დღეს 10.5%-ზეა სებ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს.
1 მარტისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 13.9% შეადგენს. ეროვნული ბანკი ამ დრომდე ვარაუდობდა, რომ ინფლაცია კლებას გაზაფხულიდან დაიწყებდა. 2022 წლის ბოლოსკენ მოსალოდნელი იყო რეფინანსირების გაკავეთის კლებაც. ახლა კი, რეგიონში არსებული გაუარესებული ვითარების და მაღალი გაურკვევლობის ფონზე სავალუტო დანაკარგების საფრთხეც გამოჩნდა.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ქმედებებმა შექმნა მოლოდინი ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების შესახებ. სწორედ ამ მოლოდინმა, რამაც შეიძლება, გააუარესოს სიტუაცია, შექმნა დაძაბულობა გაცვლით კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რეგიონში სიტუაცია არ არის კარგი, ზუსტად კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს მოვლენები და პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია, თუმცა გარკვეულ დონეზე იქნება საექსპორტო შემოსავლების, გადმორიცხვების შემცირება, ტურისტული შემოსავლების შემცირება ჩვენი ორი პარტნიორი ქვეყნიდან. ზუსტად ამაზე იყო გაცვლითი კურსის რეაქცია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, ის რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში.
„ლარი ნამდვილად არ ყოფილა ერთადერთი ადგილობრივი ვალუტა, რომელმაც გაუფასურება განიცადა. ჩვენ თუ ავიღებთ ჩეხურ კრონას, პოლონურ ზლოტს, სომხეთის ვალუტას, ეს ვალუტებიც გაუფასურდა. ასე რომ, მოლოდინები, რომ გარკვეული დანაკლისი ექნება ეკონომიკას, აისახა გაცვლით კურსში. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე უკვე გარკვეულწილად სრულად არის ასახული“, - ამბობს კობა გვენეტაძე
დღეს დილიდან ლარი უფასურდებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის შეთავაზების ფასი 3.45 ლარზე იყო, თუმცა სებ-ის ინტერვენციის შემდეგ ლარი გამყარდა.
ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 50 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 39.5 მლნ დოლარი გაიყიდა.