ფინანსები
19/07/2021

IMF: სებ-მა ბანკებს საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორში ადეკვატური ბუფერებისა და რეზერვების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. საფინანსო ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, უარყოფითი რისკების შემცირებამდე სებ-მა ბანკებს საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოს.

"ფინანსური სექტორის პოლიტიკის მიზანი ახლა, გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, საბანკო სექტორში ადეკვატური ბუფერებისა და რეზერვების შენარჩუნებაა. ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ ჩვეულებრივზე მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, სანამ ეკონომიკაზე მოქმედი მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკები არ შემცირდება, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოს.

მნიშვნელოვანი რჩება უმოქმედო სესხების რეზოლუციის ეფექტური გზების მოძიება, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში არსებული 8.5%-იანი პიკიდან მათი კლება შეინიშნება და შესაძლო დანაკარგების მნიშვნელოვანი რეზერვიც შექმნილია.

FSAP-მა შემოგვთავაზა ფინანსური სექტორის პოლიტიკის საშუალოვადიანი პრიორიტეტები, მათ შორის, ბანკებისათვის ბაზელის მსხვილი რისკების რეგულაციის დანერგვა, როგორც ეს გეგმით გათვალისწინებულია; საზედამხედველო პროცესების ფორმალიზება და დახვეწა; ბანკებისათვის ადრეული მაკორექტირებელი ზომების ჩარჩოს შემუშავება და ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დროებითი ბანკის დაფუძნება", - ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის განცხადებაში.