ფინანსები
23/09/2021

IMF: ეროვნულმა ბანკმა უნდა წაახალისოს ბანკები, არ გაანაწილონ მოგება

სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ბანკებმა მოგების განაწილებისგან თავი შეიკავონ.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა წაახალისოს ბანკები, არ გაანაწილონ მიღებული მოგება ვიდრე პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ მინელდება და კაპიტალის ბუფერები სრულად არ აღდგება“, - განაცხადეს სსფ-ს აღმასრულებელმა დირექტორებმა.

აღსანიშნავია, რომ FSAP-ის დასკვნებით, ბანკებს აქვთ საკმარისი კაპიტალი საბაზისო სცენარით პანდემიისგან გამოწვეული საკრედიტო ზარალის გასანეიტრალებლად და, რომ კაპიტალის დეფიციტი შესაძლო სტრესულ სცენარებში მართვადი დარჩება.

ქართული ბანკები რეკორდულ მოგებას აგენერირებენ. 8 თვეში ბანკების მოგება 1.4 მლრდ ლარს აღემატებოდა. ბაზარზე არსებული 14 კომერციული ბანკიდან მხოლოდ ერთია ზარალზე.

მაღალი მოგების მიღების ფონზე უმსხვილესმა ბანკებმა დივიდენდები გასცეს.

TBC Bank Group-მა თანხა აქციონერებს 17 სექტემბერს ჩაურიცხა. თითო ჩვეულებრივ აქციაზე 1.5 ლარის (ექვივალენტი ფუნტში) ოდენობით.

ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 55,155,896 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად, დივიდენდის სახით 82.7 მლნ გადაიხადა.

საქართველოს ბანკი კი აქციონერებს შორის 73 მლნ გაანაწილებს. აქციონერები 5 ნოემბერს შუალედურ დივიდენდს მიიღებენ. 1 აქციაზე 1.48 ლარს ( ექვივალენტი ფუნტ-სტერლინგში) იქნება.

Businesspartner