ფინანსები
23/09/2021

IDFI: რაგბის კავშირი ყველაზე მაღალხარჯიანი სპორტული ფედერაციაა

საქართველოს სპორტული ფედერაციების ხარჯმა ჯამურად 2019 და 2020 წლებში 145 მლნ ლარზე მეტია. აქედან 91 მლნ ლარზე მეტი 2019 წელს, ხოლო 55 მლნ ლარამდე 2020 წელს დაიხარჯა. კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. 

2019 წელს ყველაზე დიდი თანხა ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და მსგავსი სახის აქტივობებში დაიხარჯა და 33 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ფედერაციის/კლუბის დაფინანსებას 15 მლნ ლარზე მეტი მოხმარდა, ანაზღაურება/ხელფასს - 14 მლნ ლარზე მეტი, ჯილდოებზე 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამედიცინო მომსახურებაზე 1.6 მლნ ლარი. გადარიცხული თანხებიდან ფედერაციებმა სამინისტროს ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება ფედერაციების მიხედვით აღნიშნული თანხების გადანაწილებას, ლიდერობს საქართველოს რაგბის კავშირი, რომლის დაფინანსებამაც ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

შემდეგ არის კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - 12 მლნ ლარი. 

ჭიდაობის ფედერაცია - 6.6 მლნ ლარი.

ფეხბურთის ფედერაცია - 6.3 მლნ ლარი.

ძიუდოს ეროვნული ფედერაცია - 5.8 მლნ ლარი.

სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია - 5.4 მლნ ლარი.

ძალოსნობის ფედერაცია -4.9 მლნ ლარი.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - 4.3 მლნ ლარი.

სათხილამურო ფედერაცია - 2.1 მლნ ლარი.

ყველაზე დაბალი დაფინანსება მკლავჭიდის ერრთიან ეროვნულ ედერაციას აქვს - 1.6 მლნ ლარი.

რაც შეეხება 2020 წლის ხარჯებს, ოქტომბრის ჩათვლით, ყველაზე დიდი ხარჯი 13.4 მილიონ ლარამდე ხელფასებისა და სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურებაშია გადახდილი. მოცემულ საანგარიშო წელს მკვეთრადაა შემცირებული (23,5 მლნ ლარით) ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობისა და მათი გამართვის ხარჯები.

"აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას, რამაც 2020 წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიების გაუქმება თუ დროებით გადაწევა გამოიწვია. ამასთან, ხარჯის შედარებით მცირე მაჩვენებელი გამოწვეულია არასრული მონაცემითაც, რადგან 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხარჯები ანალიზში გათვალისწინებული არ არის", - აცხადებენ IDFI-ში. 

2020 წლის ხარჯების ფედერაციებს შორის გადანაწილებით, 2019 წლის მსგავსად, ყველაზე მაღალხარჯიან ფედერაციად ისევ საქართველოს რაგბის კავშირი რჩება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მისი ხარჯები დაახლოებით 3 მლნ ლარითაა შემცირებული. თითქმის ორჯერ დაიკლო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებმაც.

რაგბის კავშირი - 14 მლნ ლარზე მეტი.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - 8.9 მლნ ლარი.

სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია - 4.1 მლნ ლარი.

ფეხბურთის ფედერაცია - 4 მლნ ლარამდე.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - 2.6 მლნ ლარი.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - 2.3 მლნ ლარი.

ძიუდოს ეროვნული ფედერაცია - 2.2 მლნ ლარი.

სპორტული მედიცინის ასოციაცია - 1.4 მლნ ლარი.

სათხილამურო ფედერაცია - 1.4 მლნ ლარი.

ხელბურთის ეროვნული ფედერაცია - 1.3 მლნ ლარი.

"სპორტულ ფედერაციებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასშტაბური თანხები იხარჯება. წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითა თუ აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ცხადად იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები და რიგ შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკა. ფედერაციებში სუსტია როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის მექანიზმები. სამინისტრო ვერ ახერხებს გადარიცხული თანხების ხარჯვის შემოწმებას. ფედერაციებზე არ ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. აღნიშნული ასუსტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათი ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა მიმდინარე წელს ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციების მიმართ დაისმებოდა გარკვეული კითხვები და დაინერგებოდა ანტიკორუფციული მექანიზმები, 2021 წლის მარტიდან თავად სამინისტრომაც დანერგა ფედერაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა",- აღნიშნულია ორგანიზაციის დასკვნაში.