ფინანსები
03/03/2021

"გვეგონა, სამედიცინო პერსონალი კმაყოფილი იქნებოდა" - პაატა ღაძაძე თიბისი დაზღვევის COVID ფონდზე

“თიბისი დაზღვევის“ COVID-19-თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად სპეციალურ ფონდში არსებული თანხა სრულად ინფიცირებულ მედპერსონალს გადაეცა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა, საუბარია, ჯამში 308 000 ლარზე.

ფონდი პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და 10 000 ლარამდე კომპენსაციას ითვალისწინებდა ვირუსით დაინფიცირებული ექიმების, ექთნებისა და სანიტრებისთვის. 

ფონდის დახმარება მიიღო 88-მა ადამიანმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის იბრძვის და საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

„ამ წელს ამგვარი ექსპრომტული ტიპის მიმართულება ბიუჯეტში არ გვაქვს განსაზღვრული, თუმცა სხვადასხვა ფორმატი იქნება. მასობრივი და მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის გაზრდილი ლიმიტები და ექსპრომტად, სწრაფად შექმნილი - არა. ვფიქრობთ, უფრო სოციალური დახმარების სხვადასხვა პაკეტი იყოს, ვიდრე ექიმებისთვის განკუთვნილი. სხვათა შორის, გვეგონა, რომ სამედიცინო პერსონალი კმაყოფილი იქნებოდა, თუმცა, რატომღაც ბაზარმა ეს ისე მიიღო, რომ კერძო სტრუქტურა ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა.

კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვალდებული ყველა კომპანიაა, მაგრამ ეს იყო ჩვენი ინიციატივა, კეთილი ნება და ზოგიერთ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ყველას ვერ ჰყოფნიდა. ამიტომ, ბოლო პერიოდში ფონდის გაზრდაც კი მოგვიწია, რადგან ვერ გავწვდით. ახლა ასე არ გვინდა, გარკვეული გაკვეთილები მივიღეთ.

ეს სოციალური პაკეტი დიზაინირებული არ გვაქვს, თუმცა ვაპირებთ და ამაზე ვმუშაობთ. ეს იქნება სოციალური პასუხიმსგებლობის ნაწილში და არა პროდუქტის,“ - აცხადებს ღაძაძე.

ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების წარდგენისთანავე მოქმედებდა.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად 2020 წლის მარტში შეიქმნა. მისი მიზანი ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.