G&T წლის მეორე ნახევარში იპოთეკური სესხების გაცემის ზრდას ელის
„გალტ ენდ თაგარტი“ უძრავი ქონების ბაზარზე წლის მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორებას ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ 2020 წლის მე-2 ნახევარში გაყიდვების ზრდის ტემპი ნულთან ახლოს იქნება, რაც წლიურად 15%-იან კლებას ნიშნავს 2020 წლისთვის.
ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა აპრილსა (-92.7% წ/წ) და მაისში (-74.3% წ/წ) Covid-19-ისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გამო. თუმცა ეკონომიკის გახსნასთან ერთად, გაყიდვების კლების ტემპი 21%-მდე შემცირდა ივნისში, რაც აღდგენის პირველი ნიშანია.
სესხების სუბსიდირების პროგრამის დაწყებით, წლის მეორე ნახევარში იპოთეკური სესხების გაცემის ზრდას ელის „გალტ ენდ თაგარტი“.
იპოთეკების გაცემა მკვეთრად შემცირდა აპრილსა და მაისში, (19 მლნ ლარამდე ანუ -94.9% წ/წ და 40 მლნ ლარი ანუ -88.8% წ/წ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შესაბამისად), მაგრამ ივნისში აქაც შემცირდა კლების ტემპი (164 მლნ ლარის გაცემა; -45.5% წ/წ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
„ჩვენი აზრით, იპოთეკების გაცემა გაიზრდება 2020 წლის მე-2 ნახევარში, ვინაიდან მთავრობის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდიის სქემა პირველად ბაზარზე ბინებზე მოთხოვნას გაზრდის“, - მიიჩნევენ „გალტ ენდ თაგარტში“.
შეგახსენებთ, სუბსიდიის პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ პერიოდში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება პროცენტის სუბსიდირება 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება დეველოპერების მიერ გაყიდულ ბინებზე და შეეხება 200,000 ლარამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებს.