ფინანსები
07/10/2020

G&T სესხების გაიაფებას ელის

სესხების საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა შემცირდეს. საფინანსო ბაზრის ეს მიმართულება  ბოლო რამდენიმე წელია ისედაც კლების ტენდენციით ხასიათდება. თუ არ ჩავთვლით 2019 წლის ბოლოსა და 2020-ის დასაწყისს.

ამ პერიოდში ლარში აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა ერთი მხრივ ეროვნუ;ო ვალუტის მერყეობის, მეორე მხრივ კი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისა თუ ზეწოლის გამო.

„2019 წლის აგვისტომდე გვქონდა შემცირების ტენდენცია, თუმცა შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა და ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, უკვე სექტემბრიდან როგორც იპოთეკურ, ასევე ბიზნეს სესხებზე ლარში საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. 2020 წლის აპრილის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო და სესხზე საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ დაიწია, მაგრამ ფაქტორბივად თუ შევხედავთ იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს,  საშუალოდ საპროცენტო განაკვეთები, ფაქტობრივად, უცვლელია.

ჩვენი მოლოდინია, რომ საპროცენტო განაკვეთები რაც არის იგივე იქნება წლის ბოლომდეც, განსაკუთრებით ლარში. ხოლო მომავალ წელს, თუ  როგორ განვითარდება მდგომარეობა ეს დამოკიდებული იქნება ისევ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე. თუ ეროვნული ბანკი წლის ბოლოს შეარბილებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება 0.5%-ის ფარგლებში და იმ დაშვებით, თუ ლარის კურსი იქნება 3.1-3.2-ის ფარგლებში, ამ დაშვებით 2021 წლისთვის მოსალოდნელია, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში როგორც იპოთეკურ, ასევე ბიზნეს სესხებზე მცირედით წამოვა ქვემოთ“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს, ეკონომისტის შეფასებით, ამ თვალსაზრისით კლების ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. თუმცა, ლაშა ქავთარაძე აქვე იმ ფაქტორებსაც ასახელებს, რომელმაც ადგილობრივ და უცოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთი კლებას შეიძლება შეუშალოს ხელი.

„ეს დამოკიდებულია ასევე, უცხოეთში როგორი საპროცენტო განაკვეთები იქნება. მაგალითად, ევროს კურსზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთები. ბოლო პერიოდში თუ შევხედავთ, ევროს სესხების წილი ნელ-ნელა იზრდება. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთს, აქ ეს უნდა გავყოთ ორ ნაწილად - დოლარსა და ევროში. მაგალითად, დოლარში იპოთეკური სესხები 7%-მდეა, ცოტა მეტი, ხოლო ევროში დაახლოებით 4.5%-ია. თუ ველოდებით, რომ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდება, ამ შემთხვევაში ევროში საპროცენტო განაკვეთები ზრდასაც კი დაიწყებს.  მთლიანობაში 2021 წლისთვის უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ ველოდებით. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ლარში იქნება შემცირება. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

არსებობს რისკები. ეს რისკები რეგიონში არსებულ სიტუაციასაც უკავშირდება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობაა, თუ ეს კონფლიქტი ხანგრძლივად გაგრძელდა ამან შეიძლება შეუშალოს ხელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს. ამას გავლენა ექნება ჩვენს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. იგივე ტურიზმის სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და სხვა. ამ თვალსაზრისით შეიძლება დაყოვნდეს მონეტარული პოლიტიკის შემცირება აქედან გამომდინარე კი საპროცენტო განაკვეთების კლება“,- აღნიშნა ქავთარაძემ.