ფინანსები
02/06/2021

გიორგი ვაშაძე გვენეტაძეს: მაინტერესებს როგორი პრეზიდენტი ხართ - კარგი, ცუდი თუ ისე რა

„მაინტერესებს, როგორ აფასებთ თქვენ  საქმიანობას," - ოპოზიციონერი დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ კობა გვენეტაძეს სთხოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში თავისი საქმიანობა შეაფასოს.

„მაინტერესებს, ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტი ხართ, ისე რა პრეზიდენტი ხართ, თუ ცუდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ. როგორ შევაფასო მე, საქართველოს მოქალაქემ როგორი ხართ? აი, ვზივარ, გიყურებთ ტელევიზიით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდის, რა კრიტერიუმით შეგაფასოთ: კარგი ხართ, ცუდი ხართ, საშუალო ხართ, ისე რა ხართ? დარწმუნებული ვარ, ახლა მოქალაქე ფიქრობს: ბატონი კობა რომ გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენი იყო ლარის კურსი და რამდენია ლარის კურსი დღეს? რამდენი იყო? 2. 05 (იყო 2.46) რამდენია დღეს?  3.26. რატომ? რატომ გაუფასურდა ლარი? რა გააკეთეთ თქვენ. რასაც ლაპარაკობთ ეგ ხალხისთვის არის ბელეტრისტიკა, ბატონო კობა, იმიტომ, რომ  ხალხი უყურებს ლარის კურსს, რომელიც გაუფასურდა. თუ ცუდი ხართ, რატომ არ გადადექით? ესეც მაინტერესებს“, - ჰკითხა კობა გვენეტაძეს გიორგი ვაშაძემ.

კობა გვენეტაძემ ჰკითხა ჰქონდა თუ არა სებ-ის ანგარიში წაკითხული ვაშაძეს, რადგანაც მისი თქმით, მის კითხვებზე პასუხი ანგარიშში წერია.

გიორგი ვაშაძემ სომხეთის და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსებიც  შეაფასა, აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში  ომის და კოვიდ პანდემიის მოუხედავად, ეროვნული ვალუტები არ გაუფასურებულა. ვალუტა არ გაუფასურებულა არც უკრაინაში.

გიორგი ვაშაძეს კითხვებზე პასუხს კობა გვენეტაძე, პროცედურის მიხედვით, დეპუტატების შეკითხვების დასმის შემდეგ, ერთიანად უპასუხებს.

Businesspartner