გიორგი კეპულაძე: საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთს ბაზარი უნდა არეგულირებდეს
უნდა დასუბსიდირდეს თუ არა საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, - საკითხზე სამთავრობო კომისიას დღეს იმსჯელა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის რეგულირების წინააღმდეგია. გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ბაზარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს.
„საკითხის გადაჭრა მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა ჩემი აზრით, საპროცენტო განაკვეთს სესხებზე ბაზარი უნდა არეგულირებდეს. მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც საბანკო სექტორს ეროვნული ბანკი არეგულირებს" - განაცხადა კეპულაძემ და მაგალითად მოიყვანა სამოქალაქო კოდექსი, სადაც პირდაპირ არის მითითებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიც 50%-ით განისაზღვრება.
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა კატეგორიის სუბსიდირების წინააღმდეგია, არც იპოთეკური სესხების და არც საპენსიო სესხის სუბსიდირებას ემხრობა, რომელიც მოქალაქეების გადასახდელია. აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ, მისი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის კი საბანკო მომხმარებლების ინტერესების დაცვაა მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება კონკრეტულ ბანკებს, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა პენსიონერების მოსამსახურებლად არ გააჩნიათ.