ფინანსები
11/02/2022

გიორგი კეპულაძე: არსებობს რისკი, საპენსიო სესხებზე პირობებით ბანკები არ დაინტერესდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ხედავს რისკს, რომ საპენსიო სესხებზე ახალი პირობებით კომერციული ბანკები არ დაინტერესდნენ და სახელმწიფო კომისიას მათთვის სხვა პირობების შეთავაზება მოუწიოს.

„კონკურენციის შედეგად საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შემცირდეს, თუმცა, ვხედავ დიდ რისკს, ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს მისაღები არ იქნება. საქართველოში დღეს 14 ბანკია, მათგან სამი სისტემური ბანკია, რომელიც რეალურად შეძლებს ამის განხორციელებას, თუ მათ ეს უღირთ. კომერციული ბანკები ბიზნესსუბიექტები არიან, ისინი ყველაფერს გათვლიან იმის მიხედვით, რამდენად მისაღებია ეს პირობები.

არ მინდა, შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც მთავრობა რაღაც კონკურსს აცხადებს, მაგრამ კომერციულ სექტორს ეს არ აინტერესებს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, რეალურად სესხის პროცენტის შესამცირებლად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება სუბსიდირება.

„რა თქმა უნდა სახელმწიფოს ჩარევა მოუწია. მომავალი წლიდან ის 15 მლნ ლარს გადაიხდის, იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს. სხვა შემთხვევაში არცერთი კომერციული ბანკისთვის არ იქნებოდა მისაღები ზღვარის დაწესება. შესაბამისად, თუ გამოვალთ პენსიორენთა ინტერესიდან, 15 მლნ არ არის ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ვერ უნდა გადაიხადოს, რათა პენსიონერებმა უფრო დაბალ პროცენტში შეძლონ სესხის აღება“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

გიორგი კეპულაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.

„რეფინანსირების განაკვეთი თუ შემცირდება, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და ინფლაცია ქვემოთ წამოვა, მაშინ ბაზარზე ეს საპროცენტო განაკვეთი ისედაც შემცირდება. თავისთავად იმ კომერციულ ბანკს, რომელიც დაარიგებს პენსიებს და გასცემს პენსიით უზრუნველყფოილ სამომხმარებლო სესხს, თავისთავად მოუწევს საპროცენტო განაკვეთის შემცირება“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, პენსიების მომსახურებაზე ბანკებისთვის თებერვლის ბოლოს ახალი კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში მონაწილე ბანკებს შორის სესხის პროცენტზე კონკურენცია იქნება, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ზედა ზღვარი 26% იქნება. სახელმწიფო პენსიონერთა პენსიების დარიგებისთვის 15 მლნ ლარის სუბსიდიას გაიღებს.