გიორგი კაკაურიძე: მთავრობის ვალი 2022 წლის ბოლოს დაახლოებით 45% იქნება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს მთავრობის ვალი 10%-ული პუნქტით შემცირდა და მაჩვენებელმა 50.2% შეადგინა. 2022 წელს კი, მისი შემცირება 45%-მდეა დაგეგმილი.
"2021 წელს, ეკონომიკის აღდგენის შედეგად, მოხერხდა დეფიციტის შემცირება. თავიდან დაგეგმილი 7.5%-დან საბოლოო ჯამში მივიღეთ 6.1% საბიუჯეტო დეიფიცტი, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი შემცირებაა და ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ. ასევე ვალის კუთხით, წლის დასაწყისში 60%-იანი მაჩვენებელი გვქონდა. წლის ბოლოს კი, ვალის ფაქტიური მაჩვენებელი იყო 50.2%, დაფიქსირდა 10%-ული პუნქტით შემცირება, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია.
2022 წლისთვის დეფიციტის მაჩვენებელი 4.2%-ის ოდენობით დავგეგმეთ, თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს ვსაუბრობდით, რომ ამ პარამეტრის შემცირება აუცილებელი იყო. განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტის კუთხით, 3.6%-ზე გავდივართ. იმედს ვიტოვებ, შესაძლებლობა მოგვეცემა, წლის განმავლობაში აღნიშნული დეფიციტის მაჩვენებელი კიდევ უფრო შევამციროთ.
რაც შეეხება ვალს, განახლებული პროგნოზით, წელს დავამთავრებთ მთავრობის ვალით დაახლოებით 45%-ის ფარგლებში",- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, მომდევნო წლებში მთავრობის ვალი 43%-მდე შემცირდება.
"ვინაიდან, 2023 წელს დეფიციტი 2.8% გვაქვს, შემდეგ 2.3%-მდე მცირდება მშპ-სთან მიმართებაშ, ეს საშუალებას გვაძლევს, ვალიც ეტაპობრივად შევამციროთ. 2026 წელს, საშუალოვადიანი პროგნოზით, 41%-ზე ჩამოვდივართ, რაც თითქმის ინდენტურია, რაც გვქონდა პანდემიამდელ პერიოდში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.